კომპანია „ინნ ჯგუფის“ თანადამფუძნებელ პაატა კოკაიას შეფასებით, კურორტ გუდაურის მთავარ პრობლემად ხელოვნური გათოვლიანების სისტემების სიმცირე და მოუწესრიგებელი საჯარო ინფრასტრუქტურა რჩება.
მისი თქმით, მაშინ როცა ბაკურიანში, დაახლოებით, 29-კილომეტრიანი ხელოვნური გათოვლიანების ზოლია, გუდაურში მხოლოდ 5 კილომეტრია.
„5 კილომეტრი ხელოვნურად რომ გაათოვლიანო და იქ [ბევრი] ტურისტი მიაწყდეს, ორ დღეში ის თოვლი ტალახად გადაიქცევა“, - აღნიშნავს კოკაია.
მისივე ინფორმაციით, იგეგმება ჯამში, 14-კილომეტრიანი (7+7 კმ) ახალი ზოლის დამატება, თუმცა პროექტის განხორციელების ზუსტი ვადები ბიზნესისთვის ჯერჯერობით უცნობია.
BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ პაატა კოკაიამ ზამთრის ტურისტული სეზონის მოლოდინებსა და ჯავშნებზეც ისაუბრა.
„ინნ ჯგუფი“ გუდაურში ერთ სასტუმროს ფლობს და როგორც ბიზნესმენი ამბობს, 15 დეკემბრიდან თებერვლის ბოლომდე დატვირთულობა 90%-ს აჭარბებს.
„ახლა, გუდაურში, ძირითადად, ინდუსები, ჩინელები და სპარსეთი ყურის ქვეყნების მოქალაქეები არიან ჩამოსული და ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება, რადგან ახლა ევროპელი რომ ჩამოვიდეს და იქ სასრიალო ტრასა არ დახვდეს, ის ხომ არ გაჩერდება?! ინდუსისთვის და არაბისთვის ის თოვლი, რაც იქ არის - საციგაოდ და საგუნდაოდ მისაღებია; ზუსტად ამიტომაც არის დღეს 90%-იანი დატვირთულობა გუდაურში... თუ სათხილამურო ტრასები არაა, რა უნდა ევროპელს?!“, - ამბობს ბიზნესმენი.
„წერტილთან“ ინტერვიუში პაატა კოკაიამ არაერთხელ აღნიშნა, რომ ინდოელი და არაბი ტურისტები რომ არა, გუდაური დღეს ცარიელი იქნებოდა.
„ჩვენ ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ დასაწუნი ტურისტი არ გვყავს... დღეს სასრიალო თოვლი არ არის გუდაურში. ინდუსებისთვის და არაბებისთვის კი, საგუნდაოდ თოვლი დამაკმაყოფილებელია“, - აღნიშნა მან.
"ინდოელი და ჩინელი ტურისტები რომ არა, გუდაურის სასტუმროები ახლა ცარიელი იქნებოდა" - პაატა კოკაია




























