მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ისეთი დადებითი ტენდენციებიც არ არის, რომ ასეთი სისწრაფით გამყარებულიყო ლარი"

58b81d497112c
სალომე მეცხვარიშვილი
02.03.17 17:40
1989
ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე ბოლო პერიოდში ლარის მკვეთრ გამყარებას ძირითადად მოსახლეობის დადებითი მოლოდინებით ხსნის. როგორც ნამჩავაძემ "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადა, ეკონომიკაში იანვარ-თებერვალში პოზიტიური ცვლილებებია, თუმცა, არც იმდენად, რომ ლარი ასე მკვეთრად მყარდებოდეს.

"ისეთი დადებითი ტენდენციებიც არ არის, რომ ასეთი სისწრაფით გამყარებულიყო ლარი - 4-5-თეთრით დღეში. შეუძლებელია ასე სწრაფად მომხდარიყო ეკონომიკაში ცვლილებები.

საგარეო შემოდინებების ზრდაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, იანვარში ექსპორტის 45%-ით ზრდა, იანვარ-თებერვალში ტურიზმია 24%-ით გაზრდილი, ასევე გაზრდილია ფულადი გზავნილების მაჩვენებელი იანვარში. სავარაუდოდ, მთავრობის საგარეო დაფინანსება გრანტები და სესხები იქნება გაზრდილი. ამას დაერთო პოზიტიური მოლოდინები. კურსი რა მიმართულებითაც იცვლება, მოსახლეობის მოლოდინებიც იქითკენ არის. ამ დღეებში უფრო იქნებოდა დოლარის ლარში გადახურდავების ტენდენცია.
ეკონომიკაში დადებითი ტენდენციები იყო ბიძგი, რამაც გააჩინა პოზტიური მოლოდინები",- აცხადებს ნამჩავაძე.

მისი თქმით, ეს ტენდენცია მომავალ თვეებშიც გაგრძელდება.

"იქნება მერყეობა, მაგრამ მგონია, რომ გაზაფხული-ზაფხული იქნება შედარებით დასტაბილურებული, რადგანაც ტურისტულ სეზონზე მეტი ვიზიტორი და შესაბამისად, მეტი ვალუტა შემოვა ქვეყანაში. ამას ემატება ის, რომ ენერგომატარებლების იმპორტს შევამცირებთ, რადგანაც ამ მიმართულებით ბევრი ფული გადის ქვეყნიდან",- აცხადებს ნამჩავაძე.

შეგახსენებთ, კვირის დასაწყისში ერთი ამერიკული დოლარი 2,58 ლარი ღირდა, დღეს დადგენილი კურსით კი ერთი დოლარი 2,42 ლარი ღირს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები