წელს ყურძნის მიღებას 100-მდე ღვინის კომპანია განახორციელებს. როგორი იქნება რთველი 2016 და გააგრძელებს თუ არა მთავრობა სუბსიდირების პოლიტიკას, - "რთველი 2016"-ის დეტალებზე “ბიზნესკონტრაქტთან“ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი საუბრობს.
- ბატონო გიორგი, რამდენად არის მზაობა, რომ რთველი საქართველოში ნაკლოვანებებისა და ხარვეზების გარეშე ჩატარდეს?
- რთველი ფაქტობრივად კარზე მოგვადგა და ალბათ შარშანდელივით ხარვეზების გარეშე ჩაივლის. ამის დიდი იმედი გვაქვს.
- როგორ მიმდინარეობს ბიზნესთან კომუნიკაცია?
- შარშანდელი კარგი გამოცდილება გვაქვს. გასული წლის ხარვეზები, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნება, თუმცა დიდი ცვლილებები წელს არ არის დაგეგმილი იმიტომ, რომ შარშან ბოლო წლების განმავლობაში, ყველაზე წარმატებული რთველი იყო.
- სად იყო ჩავარდნა და წელს რის გამოსწორებას აპირებთ?
- ჩვენ ინტერნეტ პროგრამა გვაქვს, სადაც რეალურ დროში ყოველი კილოგრამი ყურძნის აღრიცხვას ვახდენთ. წელს აღრიცხვა ღვინის კომპანიებისთვის ღია იქნება. ყველა ვინც პროცესში ჩართვას მოისვურვებს ინფორმაციას მიიღებს. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობაზე თითქმის ყველა კომპანია თანახმაა და მალე შეთანხმებებსაც გავაფორმებთ. ჩვენი მიზანია სოფლის რწმუნებულებთან და გამგეობებთან კომუნიკაცია გავზარდოთ, რათა მეტი გამჭვირვალობა იყოს.
- როგორ გატარდება სუბსიდირების პოლიტიკა?
- სუბსიდირებასთან დაკავშირებით მთავრობის პოლიტიკა არ შეცვლილა. სუბსიდირებიდან სახელმწიფო ნელ-ნელა უნდა გავიდეს, მითუმეტეს ისეთ წარმატებულ დარგში, როგორიც მევენახეობა-მეღვინეობაა. რამდენი წელი დასჭირდება ამ პროცესს, წინასწარ თქმა ძნელია. პირველ ნაბიჯებად შეგვიძლია ის ჩავთვალოთ, რომ ფასი ნელ-ნელა შარშანდელ საბაზრო ფასს უახლოვდება.
- ბევრი ადამიანი აღნიშნავს, რომ სუბსიდირების კომპონენტმა დათვური სამსახური გაუწია არა მხოლოდ ბიზნესს, არამედ სახელმწიფოსაც გლეხებთან ურთიერთობაში ეს პროცესი თუ მიდის დახვეწისკენ?
- ბიზნესი და ხელისუფლება თანხმდება იმაზე, რომ ნელ-ნელა სუბსიდიიდან უნდა გავიდეთ. ვიცით, რომ უცებ გასვლა არ შეიძლება, რადგან ეს დიდ არეულობას გამოიწვევს ბაზარზე და მთავარი მიზანი, როგორც ჩვენი, ასევე კერძო სექტორის, ბიზნესის, მევენახის და მეღვინის არის ფასის სტაბილურობა. ფასმა არ უნდა ითამაშოს, კლება თავისთავად ცუდია, მაგრამ ზრდაც მავნე და უარყოფითი შედეგის გამომწვევია. წელსაც სუბსიდირების კომპონენტი ბაზრის ანალიზის მიხედვით დაითვალეს. წელს მოთხოვნა ყურძენზე შარშანდელთან შედარებით გაზრდილია.
- კონკრეტული დროის დასახელება შესაძლებელია, როდის გამოვა სახელმწიფო აღნიშნული კომპონენტიდან?
- დღეს რომ სახელმწიფოს ჩარევა საჭიროა, სწორედ ამიტომ გადაწყდა სუბსიდირება და ამაზე პროტესტი არცერთი მხრიდან არ გამოუხატავთ. ეს საკმაოდ დიდი სამუშაოა, მნიშვნელოვანი თანხაც იხარჯება, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სისტემა არ შეიცვალოს და ფასები ხელოვნურად არ გავზარდოთ. კონკრეტული დროის დასახელება რთულია. წელსაც წლის დასაწყისში ვიცოდით, რომ სუბსიდირება საჭირო იქნებოდა, მაგრამ რაოდენობა არ ვიცოდით.
- რა მდგომარეობაა საწარმოების ლოჯისტიკური და ინფრასტრუქტურული კუთხით?
- დარწმუნებული ვარ, რომ როგორც შარშან წელსაც 100-ზე მეტი საწარმო გადაამუშავებს ყურძენს, მათ შორისაა მცირე, საშუალო და დიდი ღვინის კომპანიები. მზაობა, რა თქმა უნდა არის, შარშან საკმაოდ მომზადებული იყო დარგი და წელს ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობაა. იმიტომ, რომ ინვესტიციები ამ მიმართულებით გაგრძელდა. ჩვენი პროდუქტის ექსპორტი გაიზარდა, ხოლო საშუალო საექსპორტო ფასი შემცირდა. მთლიანობაში საექსპორტო შემოსავალი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ექსპორტი დასტაბილურებულია იმ მიმართულებითაც, სადაც შარშან არასტაბილურობა იყო.

























