სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას („სამართლიანი არჩევნები” - ISFED) ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს.
ნინო დოლიძისთვის ორგანიზაციის წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, ორგანიზაციის გამგეობამ ახალ აღმასრულებელ დირექტორად ლევან ნატროშვილი აირჩია.
ინფორმაციას თავად ორგანიზაცია ავრცელებს.
ლევან ნატროშვილი 2022 წლის ნოემბრიდან დღემდე „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა. მას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში, საჯარო სამსახურსა და აკადემიურ სექტორში 17 წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. ლევან ნატროშვილი საარჩევნო და კარგი მმართველობის თემებზე 2012 წლიდან მუშაობს. ის არის პოლიტიკურ საკითხებზე ეუთო/ოდირის საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფის წევრი და არჩევნების სერტიფიცირებული დამკვირვებელი.
ამასთან, ნატროშვილი 2012 წლიდან საქართველოში გამართულ ყველა საერთო არჩევნებზე სხვადასხვა ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს თანახელმძღვანელობდა. იგი არის ათეულობით კვლევისა და ანგარიშის ავტორი, თანაავტორი და ხელმძღვანელი. სხვადასხვა დროს ლევანს საკონსულტაციო მომსახურება გაუწევია ისეთი ორგანიზაციებისთვის, როგორიცაა აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) და ევროპის საბჭო (CoE).
ლევან ნატროშვილი რამდენიმე პრესტიჟული აკადემიური სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულია და ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრისა და მაგისტრის, ასევე, კენტუკის უნივერსიტეტის დიპლომატიისა და საერთაშორისო ვაჭრობის მაგისტრის ხარისხებს. იგი ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და პოლიტიკის მეცნიერების პროგრამის დოქტორანტია.


























