ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ისლანდიის პრეზიდენტ გუდნი იოჰანესონთან ერთად ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური დაათვალიერა, რომელიც ქართული და ისლანდიური კომპანიების ერთობლივად განხორციელებული პროექტია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს ავრცელებს. მათივე ცნობით, ახალქალაქის ჰესი, 9.1 მეგავატი დადგმული სიმძლავრით, 2022 წელს საქართველოში ექსპლუატაციაში შესულ ჰიდროსადგურებს შორის ყველაზე დიდია.
„ახალქალაქი ჰესის პროექტი წარმატებული მაგალითია, რომლებიც სხვა ინვესტორებმაც შეიძლება გაიზიარონ იმისთვის, რომ ენერგეტიკული პროექტები, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის მიმართულებით წარმატებით განხორციელდეს“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ცნობისთვის, ახალქალაქის ჰესების კასკადში 26 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო მშენებლობის პროცესში 200-მდე ადგილობრივი მოსახლე იყო დასაქმებული. ჰესების კასკადი ოფიციალურად 2022 წლის ბოლოს გაიხსნა.
ჰესი კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგმა CCEH-მა განავითარა LANSVIRKJUN-თან და ადგილობრივ კომპანია HYDRO ENERGY-სთან ერთად. LANDSVIRKJUN-ი წარმოადგენს ისლანდიის ყველაზე მსხვილ სახელმწიფო ენერგიის მწარმოებელ კომპანიას და მისთვის ახალქალაქის პროექტი არის ქვეყნის ფარგლებს გარეთ განხორციელებული პირველი ინვესტიცია.
აღსანიშნავია, რომ Landsvirkjun“ არის ისლანდიის უდიდესი ელექტროენერგიის მწარმოებელი კომპანია, რომელიც აწარმოებს ქვეყანაში მოხმარებული ელექტროენერგიის დაახლოებით 70%-ს. ის ფლობს და ოპერირებას უწევს 15 ჰიდრო და 3 გეოთერმულ ელექტროსადგურს ისლანდიაში, დაახლოებით 2,200 მვტ დადგმული სიმძლავრით.