ისრაელი სააღდგომოდ სასაზღვრო კონტროლს ამკაცრებს. საქართველოში ისრაელის ელჩის, შაბთაი ცურის განცხადებით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ისრაელის საზღვარზე შემოწმება იქნება გართულებული, რადგან არსებობენ ადამიანები, რომლებიც საზღვრის გადაკვეთას უკანონოდ გამოიყენებენ. ელჩის თქმით, გასულ წელს საქართველოდან ისრაელში 13 ათას 188 ტურისტი ჩავიდა, მათ შორის 3 ათას 700-მა თავშესაფარი მოითხოვა. თავშესაფარი მოქალაქეებს უფლებას აძლევს 3 წლის განმავლობაში ისრაელში იმუშაონ.
"საქართველო გამოცხადდა უსაფრთხო ქვეყნად ისრაელის სახელმწიფოსთვის. შესაბამისად, არანაირი წინაპირობა არ აქვთ საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფრის მოთხოვნის. შესაბამისად, ვინც თავშესაფარს მოითხოვს, მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება", - აცხადებს ელჩმა.
მისივე თქმით, 10 მაისს გაიმართება ორი ქვეყნის საკონსულო სამსახურებს შორის მოლაპარაკებები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. რეგულაცია, რომელიც თავშესაფრის მაძიებლებს ეხება, 17 აპრილს უნდა ამოქმედდეს.
ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ისრაელში ჩასვლას აპირებენ, რეკომენდაციებს გასცემს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის, გიორგი ტაბატაძის განცხადებით, დღესასწაულთან დაკავშირებით, ისრაელის სახელმწიფოში საზღვრის კვეთის პროცედურები კიდევ უფრო გამკაცრდება და ასევე მკაცრი და ხანგრძლივი იქნება შემოწმება.
მისი თქმით, მოქალაქეებმა მაქსიმალურად ზედმიწევნით უნდა დაიცვან ის მოთხოვნები, რაც მნიშვნელოვანია საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით. კერძოდ, მგზავრობის მიზნობრიობა, ფინანსური უზრუნველყოფა და მოთხოვნის შემთხვევაში მათ გარკევეული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები წარადგინონ თუ სად იცხოვრებენ, რა აქვთ გამიზნული, რამდენი ხანი უნდა დარჩნენ ქვეყანაში და აქვთ თუ არა უკან დასაბრუნებელი ბილეთები.
მისივე თქმით, ქვეყანაში შესვლის შემდეგაც მომლოცველები უნდა დაემორჩილონ ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც შესაძლოა, წაუყენონ სამართალდამცველებმა და იმ სასულიერო პირებმა, რომლებიც ტაძარში წესრიგს იცავენ.
"თუკი ჩვენი მოქალაქე დაიკარგება, მან უნდა მიმართოს პოლიციას ან საელჩო საკონსულო სამსახურს. მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა გაითვალისწინონ, რომ მოერიდონ ე.წ. ტაძარში შესასვლელი „ბრასლეტების“ შეძენას, ხშირია შემთხვევები, როდესაც იყიდება გაყალბებული, ე.წ. ბრასლეტები", - განაცხადა ტაბატაძემ.

























