მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელი საქართველოს სოფლის მეურნეობაში ჰიდროფონიკის ტექნოლოგიის დანერგვაში დაეხმარება

61817b2612553
თამთა ჯიჯავაძე
03.11.21 00:10
1979
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო MASHAV-ის მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ისრაელში წარმოებული სათბური მონტაჟდება. სათბურის საფასური 25 000 აშშ დოლარს წარმოადგენს და მისი განთავსება პირველი საფეხურია ისრაელის მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვის კუთხით.

როგორც BM.GE-სთან საქართველოში MASHAV-ის პროგრამის ხელმძღვანელმა, გიორგი ჟღენტმა აღნიშნა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის აღჭურვის პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგება.

„პირველ ეტაპზე ჩვენ მათ გადავეცით 25 000 აშშ დოლარის ღირებულების სათბური, რომელიც ისრაელშია წარმოებული. პროექტის მიზანია რომ ეს ცენტრი გახდეს თანამედროვე ერთგვარი საწვრთნელი ბაზა სოფლის მეურნეობაში, სადაც ისრაელელი, ქართველი და სხვა ქვეყნების აგრონომები თანამედროვე ტექნოლოგიებს გაეცნობიან და ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ. ყოველ წელს კიდევ უფრო განვითარდება ეს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, რის საფუძველზეც შეიქმნება აგრო-ტექნოლოგიურ/ტრენინგ ჰაბი“, - აღნიშნა გიორგი ჟღენტმა.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ცენტრში იგეგმება ასევე ჰიდროპონიკის - მცენარის უნიადაგოდ მოყვანის ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვაც.

„ამ კუთხით მომავალ წელს დაახლოებით 80 000 აშშ დოლარის ინვესტიცია იგეგმება. კიდევ გაგრძელდება ამ კუთხით მუშაობა და ინვესტირება“, - აღნიშნა საქართველოში MASHAV-ის პროგრამის ხელმძღვანელმა, გიორგი ჟღენტმა.

ცნობისთვის, საქართველოში ისრაელის საელჩოსა და MASHAV-ის მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრისათვის სათბურის გადაცემის ღონისძიება ხვალ გაიმართება.

MASHAV-ი ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოა, რომელიც 1992 წელს, საელჩოს გახსნისთანავე ამოქმედდა. დღემდე, საქართველოსა და ისრაელში, MASHAV-ის პროფესიული ტრენინგ კურსები საქართველოდან 1600-ზე მეტმა სპეციალისტმა გაიარა სხვადასხვა სფეროში - სოფლის მეურნეობა, ინოვაცია და ტექნოლოგია, განათლება, მეწარმეობა, ჯანდაცვა, ქალთა უფლებები და სხვა.

გადაცემის ცერემონიას დაესწრებიან ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელიც ასევე MASHAV-ის კურსდამთავრებულია და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები