უძრავი ქონების სააგენტოების ნაწილში ელიან, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის მიმართ ისრაელის მოქალაქეების ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება.
როგორც BMG-ის Sakura Properties-ის დამფუძნებელმა BMG-ის განუცხადა, ბოლო წლების განმავლობაში რეგიონში შექმნილი არასტაბილურობის ფონზე, ისრაელის მოქალაქეების მხრიდან საქართველოში საცხოვრებელი ბინების შესყიდვები გაიზარდა, შესაბამისად, მოლოდინია, რომ ეს ინტერესი მიმდინარე პერიოდშიც შენარჩუნდება.
ვიქტორია საკუროვას განცხადებით, ისრაელის მხრიდან საქართველოში მოთხოვნა ძირითადად მშენებარე, პრემიუმ სეგმენტის საცხოვრებელ ბინებზეა.
“ისრაელში რამდენიმე წლის წინ დაწყებული საომარი სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოში გაიზარდა ისრაელის მოქალაქეების მხრიდან ინტერესი [უძრავი ქონების ბაზარზე] და ეს ინტერესი მხოლოდ და მხოლოდ იზრდება ყოველი თვე. ჩვენ ველოდებით, რომ კიდევ უფრო გაიზრდება ისრაელის მოქალაქეების მხრიდან მოთხოვნა. არა მხოლოდ ამ საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე, არამედ ისედაც, ბოლო წლებში უკვე საინტერესო გახდა მათთვის საქართველოს ბაზარი ფასებით, ახალი პროექტებით, რაც ისრაელის ფასებთან შედარებით ბევრად უფრო ხელსაყრელია. ხედავენ პოტენციალს, ხედავენ შედეგებსაც - იყიდეს, გაყიდეს, გააქირავეს, ერთმანეთს უზიარებენ ამ ინფორმაციას. აქედან გამომდინარე ვხედავთ, რომ კიდევ და კიდევ გაიზრდება მათი მხრიდან მოთხოვნა.
გასაქირავებელი უძრავი ქონების ბაზარზე ამის ეფექტს არ ველოდებით, როგორც რუსეთ-უკრაინის ომის დროს გვქონდა უდიდესი ეფექტი მაგ ნაწილში, ახლა არ გვაქვს და არ გვექნება. იმიტომ, რომ ისრაელის მოქალაქეების მხრიდან უძრავი ქონების შეძენას ეფექტი აქვს მშენებარე პროექტებზე. პრემიალურ მშენებარე პროექტებში დღეს მყიდველების დიდი ნაწილი არიან ისრაელის მოქალაქეები და ამან კიდევ უფრო გაზარდა მშენებარე ბინების ღირებულება, განსაკუთრებით პრემიუმ სეგმენტში და არა გასაქირავებელ ნაწილში, იმიტომ რომ გასაქირავებელ ნაწილში უფრო დასტაბილურებას ვხედავთ დღეს ფასების, ვიდრე ზრდას.
რაც შეეხება რეგიონის სხვა ქვეყნებს, ასეთ რაღაც დიდ ცვლილებას ვერ ვხედავთ მათი მხრიდან მოთხოვნის ნაწილში. თუმცა ვხედავთ, რომ საქართველო ვითარდება პროექტების თვალსაზრისით, უფრო კარგი, უფრო ახალი, უფრო ხარისხიანი პროექტები შენდება. შესაბამისად, ჩვენი ქვეყანა მიმზიდველი ხდება არა მხოლოდ პრობლემების და საომარი მოქმედებების მქონე რეგიონებში, არამედ ზოგადად სხვა ქვეყნებშიც”, - განაცხადა ვიქტორია საკუროვამ.
ცნობისთვის, Galt & Taggart-ის ინფორმაციით, 2025 წელს ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილმა შერჩეული დეველოპერების პროექტების გაყიდვებში 52% შეადგინა. მათ შორის, 13% ისრაელის მოქალაქეებზე მოდიოდა, ასევე 13% თურქეთის რეზიდენტებზე, 11% უკრაინის, რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებზე.
რაც შეეხება თბილისს, 2026 წლის იანვარში დედაქალაქში გაყიდული ბინების 29% უცხოელებზე მოდიოდა, მათ შორის ბინების 12% ისრაელის მოქალაქეებმა იყიდეს, 2% კი რუსეთის მოქალაქეებზე მოდიოდა.




























