ისრაელის უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ, ქნესეთმა 71 ხმით 13-ის წინააღმდეგ, დასავლეთ სანაპიროს ანექსირების სიმბოლურ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. აღნიშნული ტერიტორია დოკუმენტში ისრაელის ისტორიულ მიწადაა გამოცხადებული. ამასთან, წერია, რომ იქ მდებარე ისრაელელთა ყველა დასახლებაზე სახელმწიფოს სუვერენიტეტი უნდა გავრცელდეს.
რეზოლუციის მიღებას განსაკუთრებულად მხარი მემარჯვენე და ულტრაორთოდოქსულმა პარტიებმა დაუჭირეს. რაც შეეხება მოწინააღმდეგეებს, მათ შორის არიან როგორც ქნესეთი წევრები, ისე პალესტინის ხელისუფლების წარმომადგენლები. ორივე აღნიშნული მხარე თანხმდება, რომ მსგავსი რეზოლუციების მიღება მშვიდობის დამყარებას სერიოზულად უშლის ხელს.
იორდანიის დასავლეთ სანაპიროსთან დაკავშირებით ისრაელსა და პალესტინას შორის დაპირისპირება მრავალი ათწლეულია გრძელდება. ვითარება განსაკუთრებით 1967 წლის ექვსდღიანი ომის შემდეგ შეიცვალა. მაშინ ისრაელმა დასავლეთ სანაპირო სრულად დაიკავა და მხოლოდ მოლაპარაკებების სანაცვლოდ დათმო გარკვეული ნაწილი.
პარალელურად, ისრაელელებმა იქ არაერთი დასახლება შექმნეს. საერთაშორისო საზოგადოებამ ვითარების შემსუბუქება არაერთხელ სცადა, თუმცა ორი სახელმწიფოს დაპირისპირების ფონზე ყველა ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა. სავარაუდოდ, ქნესეთის მიერ დასავლეთ სანაპიროზე დაკავებულ ტერიტორიებზე ისრაელის სუვერენიტეტის გამოცხადება, თუნდაც, სიმბოლურად, ამ პროცესს კიდევ უფრო გააჭიანურებს.




























