თელ-ავივის ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტში პირველი სარეპატრიაციო (მოქალაქეების დასაბრუნებელი) რეისები დაეშვა, რომლითაც ირანთან ომის ფონზე საზღვარგარეთ ჩარჩენილი ისრაელელები ჩამოიყვანეს. ეს ხუთდღიანი პაუზის შემდეგ მოხდა, რა დროსაც ირანული სარაკეტო თავდასხმების გამო ისრაელის საჰაერო სივრცე სამოქალაქო მიმოსვლისთვის სრულად იყო დახურული.
რეისებს, რომლებიც მხოლოდ ისრაელში ჩამოფრენას ითვალისწინებს, ისრაელის ოთხივე ავიაკომპანია ასრულებს. მიზანი ომის გამო საზღვარგარეთ ჩარჩენილი ათობით ათასი მოქალაქის ქვეყანაში დაბრუნებაა.
ისრაელიდან გასვლითი რეისები კი კვირას განახლდება, როგორც ამის შესახებ ისრაელის ტრანსპორტის მინისტრმა მირი რეგევმა განაცხადა.
"ვითარების შეფასების შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კვირიდან ცა გავხსნათ გასვლითი რეისებისთვის, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების კუთხით განვითარებულ მოვლენებზე", - განაცხადა რეგევმა.
28 თებერვალს, ირანზე აშშ-ისრაელის იერიშის მიტანის დროს, საზღვარგარეთ, სავარაუდოდ, 100 000 ისრაელელი იმყოფებოდა, ხოლო ისრაელში - 33 000 უცხოელი ტურისტი.
ავიაციის სფეროს წარმომადგენლების ვარაუდით, საზღვარგარეთ მყოფი ისრაელელების სამშობლოში დაბრუნებას 7-დან 10 დღემდე დასჭირდება.
პირველი რეისები, რომლებიც ისრაელში ხუთშაბათს დილით დაეშვა, იყო El Al-ის ფრენა ათენიდან და Israir-ის ფრენა რომიდან. Arkia-სა და Air Haifa-ს რეისების ჩამოსვლა კი დღის განმავლობაშია დაგეგმილი.
El Al-მა სამშაბათს განაცხადა, რომ საზღვარგარეთ ჩარჩენილი ბილეთების მფლობელების სარეპატრიაციო რეისებზე გადანაწილება დაიწყო, რომლებიც ისრაელში 22 მიმართულიდან სრულდება. მგზავრთა განთავსებას ავიაკომპანია მათი თავდაპირველი ავიაბილეთების თარიღების მიხედვით განახორციელებს.
ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ისრაელში მყოფმა ათასობით ტურისტმა და საზღვარგარეთ მყოფმა ისრაელელებმა სახლში მოსახვედრად ეგვიპტის სახმელეთო სასაზღვრო პუნქტით ისარგებლეს.




























