ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა. ინფორმაციას ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია ავრცელებს.
„ღაზის სექტორიდან სარაკეტო შეტევის გამო ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ქვეყნის სამხრეთიდან ცენტრამდე (აშკელონიდან შდეროთი; ბეერ შევა; თელ ავივის ჩათვლით). ამავდროულად, გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ტერორისტმა შეაღწია ისრაელის სამხრეთის ქალაქებში.
შეგახსენებთ განგაშის სიგნალის ჩართვის შემთხვევაში უსაფრთხოების წესებს: შენობაში ყოფნისას – უნდა შეხვიდეთ სპეციალურ დაცულ სივრცეში/თავშესაფარში, დაკეტეთ კარ-ფანჯრები; შენობის გარეთ ყოფნისას – იმ შემთხვევაში, თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი ან არ არის არცერთი შენობა, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები; ავტომობილში ყოფნისას – გააჩერეთ, გადმოდით ავტომობილიდან და შედით უახლოეს შენობაში ან თავშესაფარში. თუ თქვენს ახლოს შენობა ან თავშესაფარი არ მდებარეობს, გადმოდით მანქანიდან დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;
დაუშვებელია შენობის შესასვლელში, სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება; სხვა ინსტრუქციის არარსებობის შემთხვევაში განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ დატოვოთ შენობა; დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში მოუწოდეთ მოქალაქეებს, არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას;
ტურისტული მიზნით ისრაელში მყოფმა პირებმა თავი უნდა შეიკავონ სასტუმროდან გამოსვლისგან და ტურისტული ტურებისგან.
თვალყური ადევნეთ მედიას შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად.
საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: +972526919092; ან +972 52-8888513; +972 54-7386813.
მშვიდობას ვუსურვებთ ისრაელს და ისრაელის მოსახლეობას“, – წერს ლაშა ჟვანია.
ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები დღეს, გამთენიისას გაუშვეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.