"ქართული ოცნების" სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელი-საქართველოს სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ბიზნესსექტორის 20-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.
"მინისტრმა საქართველოს აგროსასურსათო პოტენციალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო პოლიტიკის მხარდაჭერამ კერძო სექტორის ზრდა განაპირობა, რაც თავის მხრივ, აგროსასურსათო წარმოებისა და ექსპორტის სტაბილურ ზრდაში აისახა. მინისტრის განცხადებით, ბაზრების დივერსიფიცირება საქართველოსთვის კიდევ ერთი პრიორიტეტია. თუ რამდენიმე წლის წინ საქართველოს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი დაახლოებით 80-85 ქვეყანაში ხორციელდებოდა, 2024 წელს ეს რიცხვი 100-მდე გაიზარდა", - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამინისტროს ცნობითვე, სონღულაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობის გაძლიერების კუთხით საქართველოს სტრატეგია გააცნო და ძირითად საკვანძო საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა ხაზი გაუსვა მიწისა და წყლის რაციონალურ და ეფექტიან გამოყენებას, სასოფლო-სამეურნეო სერვისების გაძლიერებას, ახალი და ინოვაციური პროექტების ხელშეწყობას. აღნიშნა, რომ, ბოლო დროს, საქართველოს კარგი შედეგები აქვს აკვაკულტურისა და სასათბურე მეურნეობების მიმართულებით, სადაც ისრაელის გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით და ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების ახალ შესაძლებლობებს.
ამას გარდა, სონღულაშვილი ვიზიტის ფარგლებში ქნესეთის საქართველო-ისრაელის მეგობრობის ჯგუფის და ეკონომიკური კომიტეტის ხელმძღვანელს, დავით ბიტანს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობისა და ინოვაციების მიმართულებით. განხილული იყო ვაჭრობისთვის ხელსაყრელი პირობების ჩამოყალიბების და აგროსასურსათო პროდუქციის საქართველოდან ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობების საკითხი.
"ქართული ოცნების" მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელის გამოცდილება და ინოვაციები მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს აგროტექნოლოგიური სექტორისა და მაღალი ღირებულების კულტურების განვითარებისთვის.
შეხვედრას სონღულაშვილთან ერთად მისი მოადგილე ლაშა დოლიძე, საქართველოს ელჩი ისრაელში ზაზა კანდელაკი და საქართველოს საპატიო კონსული მენი ბენიში ესწრებოდნენ.




























