ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 76-წლიანი არსებობის ისტორიაში პირველად, ორგანიზაციის წევრმა ყველა ქვეყანამ დააკმაყოფილა თავდაცვის ბიუჯეტზე დასახარჯი მშპ-ს 2%-იანი ნიშნული. შედარებისთვის, გასულ წელს 32 წევრიდან მხოლოდ 10 აკმაყოფილებდა მოთხოვნას. აღსანიშნავია, რომ სიაში არ ხვდება ისლანდია, ჩრდილოევროპული კუნძულოვანი სახელმწიფო, რომელსაც საკუთარი ჯარიც კი არ ჰყავს. შესაბამისად, თავდაცვის ბიუჯეტზე მშპ-ს 2%-ის დახარჯვა არ ევალება.
NATO-ს წევრი ქვეყნების მიერ ისტორიული ნაბიჯის გადადგმა რუსეთ-უკრაინის ომთან და მსოფლიოში მიმდინარე რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებასთანაა დაკავშირებული. აღსანიშნავია პრეზიდენტ ტრამპის როლიც, რომლის ინიციატივითაც ალიანსის წევრებისთვის ახალი ზღვარი - თავდაცვის ბიუჯეტზე მშპ-ს 5%-ის დახარჯვა დადგინდა. აქვე უნდა ითქვას, რომ 2035 წლამდე განსაზღვრული ახალი ზღვრის დაკმაყოფილება მხოლოდ და მხოლოდ ესპანეთს არ მოუწევს, რადგან ქვეყანას ამის ეკონომიკური შესაძლებლობა არ აქვს.
აღსანიშნავია, რომ ვიდრე ზოგიერთი ქვეყანა 2%-იან ნიშნულს პირველად გაცდა, წევრი სახელმწიფოების ნაწილმა უკვე 5%-იან ნიშნულსაც მიუკაკუნა. ამ მხრივ გამორჩეულია პოლონეთი - 4.48%-ით, ლიეტუვა - 4%-ით და ლატვია - 3.73%-ით.




























