ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში იწყებს კამპანიას „ისტორიები ცვლილებებზე”. ვიდეოების ეს სერია წარმოაჩენს იმ ადამიანების ისტორიებს, რომელთა ცხოვრება და გარემო პირობები ევროკავშირის ინიციატივების შედეგად შეიცვალა.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, „ისტორიები ცვლილებებზე“ გვიყვება ევროკავშირის პროექტებზე და ამავდროულად, გვაცნობს იმ დადებით გავლენას, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება. პერსონალური ისტორიების გაზიარებით ვიდეოები აჩვენებს ევროკავშირის მხარდაჭერის რეალურ და გრძელვადიან სარგებელს და ფოკუსირებულია იმ ადამიანებზე, რომლებმაც ეს წარმატება საკუთარ თავზე გამოცადეს, მათ შორის არიან მეწარმეები, ფერმერები, სტუდენტები, სოციალური აქტივისტები და სხვა. ეს ისტორიები ხაზს უსვამს ევროკავშირის ერთგულებას საქართველოში მდგრადი განვითარების, სოციალური ერთობისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისადმი.
„მოხარული ვარ, რომ ვიწყებთ კამპანიას „ისტორიები ცვლილებებზე. ევროკავშირის პარტნიორობა საქართველოსთან სცდება პროექტებსა და პროგრამებს; ის მიმართულია საქართველოს მოსახლეობაზე, რომელთა ცხოვრებაც ჩვენმა ინიციატივებმა შეცვალა. ამ ისტორიების საშუალებით შეგვიძლია, გავიცნოთ ადამიანები, რომლებმაც ისარგებლეს ევროკავშირის მხარდაჭერით და ვაჩვენოთ, როგორია ამ ხელშეწყობის შედეგი",- განაცხადა ნიკოლას სენდროვიჩმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა.
ევროკავშირის წარმომადგენლობაში აღნიშნავენ, რომ კამპანიის „ისტორიები ცვლილებებზე“ დაწყება, ევროკავშირის მხარდაჭერის ფონზე, ევროკავშირსა და საქართველოს მოსახლეობას შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი ეტაპია. ის ეფუძნება იმ ღირებულებებს, რომლებიც ევროკავშირისა და საქართველოს პარტნიორობას უდევს საფუძვლად, მათ შორის მდგრადობას და მუდმივ პროგრესს.