მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ისტორიული გამარჯვება” -  რას წერს უცხოური მედია საქართველოზე?

ფეხბურთი

საქართველომ ისტორია დაწერა - ასე აფასებს 26 მარტს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მიერ პენალტების სერიაში საბერძნეთის ნაკრები დამარცხებასა და ისტორიაში პირველად, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას საერთაშორისო მედია.

ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ეხმიანება აშშ-ის ყველაზე რეიტინგული სპორტული გამოცემა ESPN-იც.

“საქართველო ევროპაზეა - ნაკრები მთავარ ტურნირზე პირველად იასპარეზებს” - Reuters-ის მასალაზე დაყრდნობით, ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას ESPN-ი, რომელშიც გუშინდელი მატჩის დეტალებია განხილული.

“პლეიოფის ფინალში, დაძაბულ ბრძოლაში საბერძნეთის 4-2 ანგარიშით დამარცხების შემდეგ, საქართველო Euro 2024-ზეა. დამატებითი დროის შემდეგ საქართველოს ნაკრები თავის პირველ მთავარ ტურნირზე მოხვდა.

მატჩი გაფანტული და ამაღელვებელი იყო, ძირითად დროში შანსები კი - ძალიან მცირე. ვითარება დაიძაბა პირველი ტაიმის შემდეგ, როდესაც საქართველოს ნაკრების სათადარიგო მეკარეს, გიორგი ლორიას, და ბერძნების ერთ-ერთ მწვრთნელს წითელი ბარათები მისცეს. კვარაცხელიაზე თავდასხმის გამო კი საბერძნეთმა სამი გაფრთხილება დაიმსახურა, თუმცა კვარაცხელია დამატებით დროს ტრავმით შეხვდა და იძულებული გახდა, თანაგუნდელების ტრიუმფისთვის გვერდიდან ეყურებინა”, - წერს ESPN.

ამერიკული გამოცემა თავის სტატიაში ქართველი გულშემატკივრების შესახებაც წერს და აღნიშნავს, რომ ოპტიმისტურად განწყობილმა ქომაგებმა თამაშის დაწყებამდე სტადიონზე ბანერი გადმოკიდეს, წარწერით: “Breaking News: Georgia Makes History”.

საქართველოს ნაკრების გამარჯვებას გავლენიანი ბრიტანული გამოცემა BBC-იც ეხმიანება. სტატიაში მატჩის დეტალებია განხილული და აღნიშნულია, რომ პენალტების სერიაში საბერძნეთის დამარცხების შემდეგ, საქართველომ ისტორია შექმნა და მსგავსი მნიშვნელობის შეჯიბრებაში პირველად მიიღებს მონაწილეობას.

“გამარჯვების შემდეგ, ქართველმა გულშემატკივრებმა მოედანი შეავსეს. ეროვნულმა გუნდა, რომელმაც თავისი პირველი მატჩი 1990 წელს, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის წევრობისას, ითამაშა, მე-15 მცდელობის შემდეგ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

ძირითადი დროის განმავლობაში, მაყურებელმა კარის მიმართულებით მხოლოდ ერთი დარტყმა იხილა, თუმცა თამაში დამატებით დროში გამოცოცხლდა. პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრების წარმატებას, წინ დაძაბული, უგოლო ფრე უძღოდა. გამარჯვების სიხარულმა კი მთელი თბილისი მოიცვა”, - წერს BBC.

"სიხარულის ცრემლები, ქუჩის წვეულებები და მოედანზე ხალხის შევარდა - სწორედ ასე აღნიშნა საქართველომ მამაკაცთა ფეხბურთის გუნდის ისტორიული გამარჯვება და Euro 2024-ზე კვალიფიცირება.

მსოფლიოს რიგით 77-ე გუნდმა იცოდა, რომ თუ თავის პირველ მასშტაბურ ტურნირზე სურდა ასპარეზობა, საბერძნეთი უნდა დაემარცხებინა და ეს ყველაზე დრამატული, ამაღელვებელი გზით შეძლო. თბილისში, ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონზე ახლად გამოჩენილი გმირები თეთრ-წითელ ზღვაში მოექცნენ - საქართველოს დროშის ფერებში", - წერს CNN.

წუხანდელი გამარჯვების შემდეგ საქართველო ევროპის ჩემპიონატზე თურქეთთან, პორტუგალიასთან და ჩეხეთთან ერთად, F ჯგუფში იასპარეზებს. Euro 2024 14 ივნისს დაიწყება მიუნხენში დაიწყება, ფინალი კი 14 ივლისს ბერლინში გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები