IT სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დარგში IT ბინადრობის ნებართვის დანერგვა კომპანიებს უცხოელი სპეციალისტების შენარჩუნებაში დაეხმარება.
როგორც BMG-ის კითხვის საპასუხოდ კომპანია Making Science-ის დირექტორი თემო მაღრაძე აღნიშნავს, გარდა ამისა, ეს ცვლილება უზრუნველყოფს, რომ IT სექტორში მომუშავე კომპანიებისთვის საქართველოში ბიზნესგარემო უფრო პროგნოზირებადი გახდეს.
“IT რეზიდენცია იმას ნიშნავს, რომ არარეზიდენტ სპეციალისტებს ეძლევათ საშუალება, რომ უფრო დიდხანს და მარტივად მოიპოვონ ბინადრობის უფლება და საქართველოდან იმუშაონ. რა თქმა უნდა, ეს, პირველ რიგში, აძლიერებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, რომ აქ გადახდილი ხელფასი რჩება საქართველოში.
კონკრეტულად ჩვენს კომპანიას, Making Science-ს, ბევრი თანამშრომელი მსგავსი [უცხოელი] არ ჰყავდა, მაგრამ, იმავდროულად, ჩვენ ICT ასოციაციის ფარგლებში, ვეხმარებით ძალიან ბევრ კომპანიას, რომელსაც ეს პრობლემები ძალიან მკვეთრად ჰქონდა გამოკვეთილი. როდესაც ჩამოგყავს თანამშრომელი ქვეყანაში, კომპანიას უნდა, რომ სტაბილურად, დიდი ხნით ჰყავდეს აქ გუნდი, რომელიც არ იფიქრებს, როდის გაუვა ბინადრობის ნებართვა. შესაბამისად, IT ბინადრობის უფლება ძალიან უმარტივებს ბევრ კომპანიას, რომ უფრო მარტივად და უფრო თამამად დაგეგმონ მომავალი ჩვენს ქვეყანაში”, - განაცხადა თემო მაღრაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ უცხოელი IT სპეციალისტებისთვის დროებითი ბინადრობის ნებართვა შემოიღო. შესაბამისი დადგენილების თანახმად, პროგრამისტებს საქართველოს ბინადრობის ნებართვის მოპოვება შეეძლებათ თუკი მათი წლიური ხელფასი $25,000-ზე მეტია.




























