საქართველოში IT სერვისების ინდუსტრიის შემოსავლები მზარდია და ბოლო მონაცემებით, ₾1.77მლრდ-ს შეადგენს. თუმცა, როგორც ნეო უნივერსიტეტ Skillwill Georgia-ს დამფუძნებელი, გიორგი მარიამიძე BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ აცხადებს, სექტორს ზრდის პოტენციალი კიდევ აქვს.
მისი ინფორმაციით, IT სექტორში ექსპორტის მოცულობები გაოთხმაგებულია, დასაქმებულთა რაოდენობა გახუთმაგებულია, ხოლო დასაქმებულთა საშუალო ხელფასი გასამმაგებულია.
„ამ დინამიკის მიზეზებზე რომ ვისაუბროთ, მნიშვნელოვანი როლი საკანონმდებლო ინიციატივებმა, პრეფერენციულმა საგადასახადო რეჟიმმა, საერთაშორისო კომპანიების და ამასთან, ბელორუსიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან ექსპატების შემოსვლამ ითამაშა.
ინდუსტრიის ჭრილში რომ გადავხედოთ, ისეთ კომპანიაში, როგორიცაა მაგალითად, „ეპამი“, ექსპატების წილი საკმაოდ დიდია, თუმცა არის სხვა საერთაშორისო კომპანიები, სადაც ექსპატების წილი ძალიან მცირეა და ძირითადად ქართველი თანამშრომლები ჰყავთ, როგორც ჩვენ. ამ ექსპატების დიდმა ნაწილმა, ქვეყანა უკვე დატოვა კიდეც, მაგრამ იმ ექსპატების მიერ გამოცდილების გაზიარება, რომლებიც ქვეყანაში რჩებიან, ვფიქრობ, ჩვენი სამუშაო ძალისთვის დიდ როლს ითამაშებს.
რაც შეეხება გამოწვევებს, ძნელი იქნება ასეთი ტემპებით ზრდის დინამიკის შენარჩუნება, მაგრამ უნდა ვიმუშაოთ ამაზე. აბსოლუტურ რიცხვებში რომ შევხედოთ, დასაქმებულების რაოდენობა ჯამში, სექტორში 14 000 ადამიანია. ეს ძალიან დიდი მაჩვენებელი არ არის, როდესაც ჩვენი სამუშაო ძალა 1.5 მლნ-ს შეადგენს. თუმცა ვფიქრობ, რომ სამომავლოდ ზრდის პოტენციალი ნამდვილად გვაქვს. ჩვენ, დროის მოკლე მონაკვეთში, მინიმუმ 50 000 ადამიანი უნდა გვყავდეს ამ ინდუსტრიაში ჩართული,“ - აცხადებს მარიამიძე და დასძენს, რომ სექტორის განვითარებისა და ზრდის შენარჩუნებისთვის, საჭიროა ეკოსისტემამ, რომელშიც კერძო ბიზნესი, განათლება, სახელმწიფო მოიაზრება, ერთად იმუშაოს.
რაც შეეხება თავად Skillwill-ის გეგმებს, გიორგი მარიამიძე ამბობს, რომ ის საქართველოს მასშტაბით ფართოვდება და ქუთაისისა და ბათუმის ფილიალები ემატება. ამასთან, კომპანია საერთაშორისო ბაზარზეც - აზერბაიჯანსა და იტალიაშიც არის გასული, წელს კი, ესპანურენოვან ქვეყნებში შესვლა იგეგმება.