„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში არსებულ ბინადრობის ნებართვების სახეების ჩამონათვალს – ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვა ემატება.
„ოცნების“ დეპუტატები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში კიდევ ერთი ცვლილების განხილვას დაჩქარებული წესით ითხოვს. კანონის პროექტი, რომლის ინიციატორები „ოცნების“ დეპუტატები ვაკო თურნავა, არჩილ გორდულაძე, ლევან მახაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, შოთა ბერეკაშვილის და თორნიკე ჭეიშვილი არიან, პარლამენტს უკვე წარედგინა.
ცვლილებების მიხედვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში რეგისტრირებული ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებულმა შრომითმა იმიგრანტმა და უცხოელმა, რომელიც საქართველოში მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირად არის რეგისტრირებული და IT სფეროში საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობას ეწევა, სააგენტოს უნდა წარუდგენს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტი, აგრეთვე ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული ანაზღაურების მოცულობა წლიურად 25 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობაზე ნაკლები არ არის.
ამასთან, ამ ცვლილებით გათვალისწინებული პირების მიერ დოკუმენტების წარდგენის წესი და დამატებითი დოკუმენტები საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება. ცვლილების შედეგად მე-15 მუხლს დაემატება მ ქვეპუნქტი, სადაც წერია:
„ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში რეგისტრირებულ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებულ შრომით იმიგრანტსა და მის ოჯახის წევრზე, ასევე უცხოელზე, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირად და ეწევა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობას ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში, და მის ოჯახის წევრზე ან ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირზე და მის ოჯახის წევრზე. ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი სააგენტოს წარუდგენს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელობასა უფლებამოსილების დამადასტურებელ და წარმომადგენლობაზე დოკუმენტს“.
კანონის პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ცვლილებების მიზანია საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით პროფესიონალი კადრების მოზიდვის მიზნით საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა. თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარების ტემპი საჭიროებს დარგის მცოდნე სპეციალისტების ინტეგრირებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ახალი კადრების მომზადებას, რაც მოითხოვს ბინადრობის ნებართვის პროცედურის ახლებურად დარეგულირებას.
კანონპროექტის ინიციატორები იმასაც აღნიშნავენ, რომ საქართველოში IT მიმართულებით ეკოსისტემის გაძლიერებისათვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების მიუხედავად, ერთის მხრივ, ქვეყანაში დარეგისტრირებული საერთაშორისო კომპანიებში დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება, მეორეს მხრივ კი საქართველოს პოზიციონირება დისტანციურად მუშაობის გლობალური ინდექსში ნათლად გამოკვეთს აღნიშნული მიმართულებებით ახალი ინიციატივების დანერგვის საჭიროებას.
კანონში ინიციირებული ცვლილებების მიხედვით, საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვა პირველად 3 წლით გაიცემა, შემდეგ კი დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა ყოველ ჯერზე შეიძლება 3 წლის ვადით გაგრძელდეს, არაუმეტეს 12 წლამდე. IT სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ნებართვის მქონე პირი ფაქტობრივად არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის პერიოდში. ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მქონე პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის მონიტორინგის წესს საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს.
კანონპროექტის მიხედვით, კანონის ძირითადი ნაწილი 2025 წლის 1 სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს, რადგან საქართველოს მთავრობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში რეგისტრირებული ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული შრომითი იმიგრანტის მიერ წარსადგენი დამატებითი დოკუმენტები და მათი წარდგენის წესი უნდა განსაზღვროს.
რაც შეეხება კანონში ინიცირებული ცვლილებებით მოსალოდნელ შედეგებს, პროექტის ავტორები დეტალურად განმარტავენ, რომ შედეგად IT სფეროში დასაქმებული პირებისთვის ქართული ბაზარი გახდება უფრო მიმზიდველი, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს სათანადო ინტელექტუალურ-ეკონომიკური რესურსის საქართველოში მობილიზებას.
„კანონპროექტი გავლენას მოახდენს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებზე, ისევე როგორც საქართველოში მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირად რეგისტრირებულ უცხოელზე, რომელიც
ეწევა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობას ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში. IT ბინადრობის მიღების შემთხვევაში, ზემოთ აღნიშნული პირებს შეექმნებათ შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში გაჩერდნენ 3 წლიანი ვადით, რაც ხელს შეუწყობს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი საერთაშორისო კომპანიების საქმიანობასა და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე იმ მეწარმე ფიზიკურ პირებად რეგისტრირებული უცხოელების რაოდენობის ზრდას. აღნიშნული, შესაბამისად, გაზრდის მათ მიერ ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის ოდენობას“, - განმარტავენ კანონპროექტის ავტორები.
მათივე ინფორმაციით, ცვლილებების ინიციატორებმა და ავტორებმა ამ საჭიროების შესაფასებლად, სტატისტიკური მოკვლევა და საერთაშორისო ინდექსების ანალიზი განახორციელეს.
შემოსავლების სამსახურიდან მიღებული სტატისტიკური მოკვლევის საფუძველზე გამოვლინდა, რომ საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიებში დასაქმებულების და მათ მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადის მოცულობა ბოლო წლის მონაცემებით მცირდება. იგივე ზრდის ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში შემდეგი 5 წლის პერიოდისთვის შედეგად მივიღებთ 28% შემცირებულ სამუშაო ადგილებს, 26%-ით ჯამურად ხელფასის სახით გაცემული ანაზღაურების ოდენობასა და 32%-ით შემცირებულ გასაცემ ხელფასზე დაკავებულ საშემოსავლო გადასახადს, საერთაშორისო სტატუსის კომპანიების რეგისტრაციის ზრდის ტემპის მიუხედავად. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად მოსალოდნელია კომპანიების ზრდასთან ერთად გაიზარდოს დასაქმებულთა რაოდენობა 20%-ით (2022-2023 წლის საშუალო ზრდის ტემპი), ჯამურად ხელფასის სახით გაცემული ანაზღაურება 71%-ით (2022-2023 წლის საშუალო ზრდის ტემპი), ხოლო გასაცემ ხელფასზე დაკავებული საშემოსავლო გადასახადი კი 60%-ით (2022-2023 წლის საშუალო ზრდის ტემპი).
შესაბამისად, აღნიშნული ტემპით გაზრდის შემთხვევაში შედეგად მივიღებთ 5 წლის პერიოდისთვის 745%-ით გაზრდილ ჯამურად ხელფასის სახით გაცემულ ანაზღაურებასა და 564%-ით გაზრდილ დაკავებულ საშემოსავლო გადასახადს 2024 წლის მონაცემებთან შედარებით.
საერთაშორისო IT კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტში დასაქმებულ პირთა რაოდენობა 5 წელიწადში, ზრდის ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში 6,284-ს გაუტოლდება. ამასთან, დასაქმებულთა მიერ მომდევნო 5 წლის განმავლობაში კუმულატიურად საქართველოში დახარჯული თანხის მოცულობა 2.7 მლრდ. ლარს მიაღწევს. ხოლო საკანონმდებლო ცვლილებების შემთხვევაში, ერთის მხრივ საერთაშორისო IT კომპანიებში დასაქმებულთა რაოდენობა 24 ათასს გაუტოლდება, მეორეს მხრივ კი აღნიშნულ კომპანიებში დასაქმებულთა მიერ მომდევნო 5 წლის განმავლობაში კუმულატიურად საქართველოში დახარჯული თანხის საპროგნოზო მოცულობა 6.5 მლრდ. ლარს მიაღწევს.
შემოსავლების სამსახურის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით უცხო ქვეყნის ან მოქალაქეობის არ მქონე მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმედ რეგისტრირებულია 24 858 პირი, რომელსაც საქმიანობის სფეროდ მითითებული აქვთ საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულება. ამასთან, კვლევებზე დაყრდნობით დაანგარიშებულ იქნა არარეზიდენტი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე პირის მიერ საქართველოში დახარჯული თვიური თანხის საშუალო მოცულობა, რომელიც 4,558 ლარს უტოლდება. არარეზიდენტთა მიერ დაარსებული მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე სუბიექტთა ზრდის ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში სუბიექტთა რაოდენობა მომდევნო 5 წელში 52 ათასს გაუტოლდება, მათ მიერ საქართველოში დახარჯული თანხის კუმულატიური მოცულობა კი, მომდევნო 5 წელიწადში 15 მლრდ. ლარს შეადგენს. ხოლო, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების შემთხვევაში იმავე პერიოდისათვის სუბიექტთა რაოდენობა 100 ათასამდე გაიზრდება, რაც ასევე გამოიწვევს მათ მიერ საქართველოში დახარჯული თანხის მოცულობის 24 მლრდ. ლარამდე ზრდას“, - ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.