კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით ,,იტალ ტელეკომისთვის’’ საქართველოს ბაზარზე შემოსვლაში ხელი არავის შეუშლია. ბექაურის თქმით, მას ჰქონდა შეხვედრა კომპანიის წარმომადგენლებთან, თუმცა მათგან მსგავსი ინფრორმაცია არ მოუსმენია.
"მათ დააფიქსირეს რომ სურვილი აქვთ საქართველოში შემოსვლის, მაგრამ არცერთი სიტყვით არ დაუდასტურებიათ და არ ყოფილა შემთხვევა, რომ რაიმე ხელშეშლას გრძნობენ“-აღნიშნა ბექაურმა. მისი თქმით, მოლაპარაკებები ,,იტალ ტელეკომსა“ და ადგილობრივ ოპერატორეებთან გრძელდება. ,,ჯერჯერობით არ არის ისეთი სიტუაცია,რომ რომელიმე ჩვენი ოპერატორის მხრიდან ხელშეშლას ჰქონდეს ადგილი, თუ ასეთი რამ მოხდება, მე პირველი ვიქნები, ვინც ამის შესახებ საჯაროდ იტყვის. ჩემი ინფორმაციით, ერთ-ერთი ქართული ოპერატორისგან ,,იტალ ტელეკომს“ კარგი შეთავაზებაც აქვს მიღებული“-აღნიშნა ბექაურმა.
მისი თქმით, მარეგულირებელი კომისია იმუშავებს იმისთვის, რომ ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარი დარეგულირდეს, ფასებმა დაიწიოს და ხარისხი გაუმჯობესდეს. ბექაური დასძენს, რომ საქართველოს ბაზარზე შემოსვლით, ,,იტალ ტელეკომის“ გარდა კიდევ ორი მსხვილი ოპერატორია დაინტერესებული.
შეგახსენებთ, რომ ,,იტალ ტელეკომის“ ხელოვნურად ბლოკირების შესახებ ინფორმაცია bm.ge-ს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელმა უჩა სეთურმა და ,,ნიუ ტელ კო ჯორჯიას“ წარმომადგენელმა გიორგი გოთოშიამ მიაწოდეს.

























