იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ესპანეთთან ევროკავშირის შენგენის ზონის უვიზო მიმოსვლის შეთანხმება ერთი თვით შეჩერდება. ოფიციალური რომის განმარტებით, აღნიშნული ნაბიჯი მაროკოსთან მოსაზღვრე ესპანურ ექსკლავ სეუტაში მიგრანტების მასობრივ ნაკადს უკავშირდება.
მთავრობის განცხადებით, შეზღუდვა არ შეეხება ესპანეთის ან ევროკავშირის სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც იტალიაში მოგზაურობენ. კონტროლი დაწესდება მხოლოდ არაევროკავშირის მოქალაქეებზე, რომლებიც ესპანეთიდან იტალიაში საჰაერო ან/და საზღვაო გზით ჩადიან.
მიუხედავად იმისა, რომ იტალიას ესპანეთთან სახმელეთო საზღვარი არ აქვს, რომმა პარიზთანაც მიაღწია შეთანხმებას საფრანგეთ-იტალიის საზღვარზე კონტროლის გაძლიერების შესახებ, რათა არალეგალი მიგრანტების გადაადგილება აღიკვეთოს.
იტალიის ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც ესპანეთმა განაცხადა, რომ სეუტაში მიგრაციული კრიზისი ძირითადად დარეგულირდა 50 000-ზე მეტი ადამიანიდან, რომლებმაც ექსკლავის საზღვარი გადაკვეთეს, უმრავლესობა მაროკოში ნებაყოფლობით დაბრუნდა.
საერთაშორისო მედია წერს, რომ მელონის მემარჯვენე მთავრობის კრიტიკოსები ახალ სასაზღვრო შემოწმებებს „სიმბოლურს“ უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ სეუტაში შესულ მიგრანტებს იტალიაში გადასვლის სურვილი ჰქონდათ.
ცნობისთვის, შენგენის ზონა ევროპის 29 ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლას უზრუნველყოფს, თუმცა წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ, უსაფრთხოების ან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მოტივით, დროებით აღადგინონ სასაზღვრო კონტროლი.


























