რომი ტრევის შადრევნის ვიზიტორებისთვის შეზღუდვებისა და ტურისტული გადასახადის დაწესებას გეგმავს - ამის შესახებ ქალაქის მერიამ დღეს განაცხადა.
რომი 2025 წლის იუბილესთვის ემზადება - კათოლიკური ღონისძიებისთვის, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და 32 მილიონამდე მომლოცველსა და ტურისტს მოიზიდავს.
სწორედ ამ პერიოდში, ტრევის შადრევანზე ვიზიტისთვის ტურისტებს წინასწარი რეგისტრაცია და ადგილის დაჯავშნა მოუწევთ - რომის ერთ-ერთი მთავარი ატრაქციის სანახავად ტურისტებს დროის კონკრეტული ფანჯარა ექნებათ, დაშვებული ადამიანების რაოდენობა კი ლიმიტირებული იქნება.
"რომის მოქალაქეებისთვის, ვფიქრობთ, ვიზიტი უფასო იქნება. არარეზიდენტები კი სიმბოლურ თანხას, 1 ან 2 ევროს გადაიხდიან", - განაცხადა რომის ტურიზმის მრჩეველმა, ალესანდრო ონორატომ.
იტალიის დედაქალაქის მერი ასევე აცხადებს, რომ ტრევის შადრევანთან სიტუაცია რთულად სამართავია, რის გამოც ტურისტების დაშვებული რაოდენობის შემცირებას არ გამორიცხავს.