"იტალიას ყოველთვის შეუძლია დაეყრდნოს საქართველოს, როგორც ძლიერ პარტნიორს", - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა იტალიაში ვიზიტისას განაცხადა.
სამინისტროს ინფორმაციით, დავით სონღულაშვილი, იტალიელი კოლეგის მიწვევით, ვერონაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
პრესრელიზის თანახმად, მინისტრი ვერონაში გამართული ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენის Vinitaly ფარგლებში, იტალიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, სურსათის სუვერენიტეტისა და სატყეო მეურნეობის მინისტრს ფრანჩესკო ლოლობრიჯიდას შეხვდა.
„ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრობა ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაღრმავდა. ვაფასებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ იტალიის მტკიცე მხარდაჭერას. ამავდროულად, იტალიას ყოველთვის შეუძლია დაეყრდნოს საქართველოს, როგორც ძლიერ პარტნიორს. ჩვენი ქვეყანა აგრძელებს კონსტრუქციული როლის შესრულებას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების სფეროები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა აგრარული მიმართულებით ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო პროექტების მნიშვნელობაზე.
როგორც მინისტრმა ფრანჩესკო ლოლობრიჯიდამ განაცხადა, თანამშრომლობის ფარგლებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ცოდნისა და გამოცდილების გაცვლას ისეთ სფეროებში, როგორიცაა მევენახეობა-მეღვინეობა, აგრობიოტექნოლოგიები, საკვების უსაფრთხოება და ხარისხის კონტროლი.
„ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის განვითარება, ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელება და თანამედროვე ანალიტიკური მეთოდების დანერგვა ხელს შეუწყობს პროდუქციის ხარისხის კიდევ უფრო ამაღლებას, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას და ექსპორტის პოტენციალის გაძლიერებას. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი ეკისრება აკადემიურ ინსტიტუტებსა და კვლევით ცენტრებში თანამშრომლობის გაღრმავებას“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოსა და იტალიას შორის ექსპერტული დიალოგის რეგულარული ფორმატები შეიქმნება, რაც გულისხმობს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის თემატური სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებას.
იტალიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, სურსათის სუვერენიტეტისა და სატყეო მეურნეობის მინისტრთან გამართულ შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში თამარ ლილუაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ჩიტაიშვილი ესწრებოდნენ.
„Vinitaly იტალიური ღვინისა და სპირტიანი სასმელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოფენაა, რომელშიც 30-ზე მეტი ქვეყანა და იტალიის მეღვინეობის ყველა რეგიონი მონაწილეობს. გამოფენა მოიცავს თემატურ დისკუსიებს, კონფერენციებს, დეგუსტაციებს, ორმხრივ შეხვედრებს ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის და, შესაბამისად, წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას მეღვინეობის ქვეყნებისთვის წარმოების და გაყიდვების ტენდენციების გასაცნობად.
დავით სონღულაშვილმა გამოფენა Vinitaly-ის ფარგლებში გამართულ კონფერენციაში „ვაზისა და ღვინის კულტურული ღირებულების აღიარება: საერთაშორისო პერსპექტივები“ მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა ქართული ღვინის, როგორც ქვეყნის იდენტობის ნაწილზე, კულტურულ ღირებულებაზე და საერთაშორისო ბაზრებზე მისი ადგილის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნეს იტალიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, სურსათის სუვერენიტეტისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა ფრანჩესკო ლოლობრიჯიდამ და ევროკომისარმა სოფლის მეურნეობისა და სურსათის საკითხებში კრისტოფ ჰანსენმა. კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში დავით სონღულაშვილთან ერთად მონაწილეობდნენ სერბეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, სატყეო მეურნეობისა და წყლის მართვის მინისტრი დრაგან გლამოჩიჩი, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) გენერალური დირექტორი ჯონ ბარკერი, ევროპის ღვინის მწარმოებელთა კომიტეტის პრეზიდენტი მარცია ვარვალიონე და ორგანიზაციის Wine in Moderation პრეზიდენტი სანდრო სარტორი", - აღნიშნულია ინფორმაციაში.




























