Wall Street Journal-ის ინფორმაციით, მილიარდერი ბიზნესმენი, ტელეწამყვანი და იტალისა და სან მარინოში აშშ-ის ელჩი ტილმან ფერტიტა კაზინოების ოპერატორი კომპანია Caesars Entertainment-ის შესაძენად ექსკლუზიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
როგორც ირკვევა, ფერტიტას შეთავაზება თითო აქციაზე დაახლოებით $34 დოლარს შეადგენს და კარლ აიკანის ფირმის კონკურენტულ წინადადებას მცირედით სჯობნის. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ბიზნესმენის ეს შეთავაზება Caesars-ის აქციების ამჟამინდელ ფასზე 17%-ით მაღალია. ცნობისთვის, მილიარდერის მიერ შერჩეული კომპანია ბოლო ოთხი კვარტალია ზარალზე მუშაობს, რაც ლას-ვეგასში ვიზიტორთა რაოდენობის მკვეთრი კლებითაა გამოწვეული.
აღსანიშნავია, რომ Golden Nugget-ის კაზინოების ქსელისა და კალათბურთის გუნდ Houston Rockets-ის მფლობელი ფერტიტა, Caesars-ის შეძენას ჯერ კიდევ 2018 წელს ცდილობდა, თუმცა მაშინ მოლაპარაკებები ფასზე შეუთანხმებლობის გამო ჩაიშალა. ახალი შეთავაზების გასაჯაროება ინვესტორებმა დადებითად აღიქვეს.
კაზინოების ოპერატორის აქციების შეფასება ბოლო სესიაზე 11.76%-ით მოიმატა, რამაც მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $5.78 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს დიალოგს აქტიურად აგრძელებენ, ოფიციალური შეთანხმება ჯერ არ გამოცხადებულა და არსებობს ალბათობა, რომ მოლაპარაკებები საბოლოო გარიგების გარეშე დასრულდეს.

























