საქართველოში იტალიის ელჩის ანტონიო ენრიკო ბარტოლი ქვეყნის საინვესტიციო გარემოს აფასებს.
BM.GE–სთან საუბრისას, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასების შემდეგ, ქვეყნის იმიჯზე შესაძლო გავლენების კონტექსტში, ელჩმა უცხოელებისთვის საქართველოში მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემებიც გაიხსენა.
"თიბისი ბანკის" ირგვლის განვითარებული მოვლენების მსგავსი ფაქტები, ცხადია, არ არის კარგი ქვეყნის იმიჯისთვის, მიუხედავად მაღალი რეიტინგებისა. საქართველო სამართლიანად იმსახურებს უცხოელი ინვესტორების ნდობას. თუ ქვეყნის იმიჯზე ვსაუბრობთ, ამ კონტექსტში მოვიყვანდი "სასოფლო–სამეურნეო მიწის შესახებ" კანონის ბუნდოვანების საკითხსაც, რაც არ აძლევს უცხოელ ინვესტორებს იმის საშუალებას, რომ განახორციელონ ინვესტიციები სურსათის სექტროში, რადგან მათ არ იციან წესები, რომელიც მიწის საკუთრებას აწესრიგებს. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცხადია, ეს გახლავთ ის ფაქტები, რასაც გავლენა აქვს საქართველოს ბიზნეს კლიმატზე", – განაცხადა ელჩმა.
შეგახსენებთ, რომ "სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" ახალი კანონპროექტის მიხედვით, უცხოელებზე მიწის გასხვისება იკრძალება. გამონაკლისები მხოლოდ მთავრობის გადაწყვეტილებით, საინვესტიციო გეგმების წარმოდგენის შესაბამისად დაიშვება. გარდა ამისა, არსებული კანონპროექტის თანახმად, უცხოელ ფიზიკურ პირს საქართველოში სასოფლო–სამეურნეო მიწის მემკვიდრეობით მიღების შესაძლებლობაც აქვს, თუმცა თუ სამი წლის განმავლობაში იგი მიწას არ დაამუშავებს, უნდა გაასხვისოს. აღნიშნული კანონპროექტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებმა უკვე დაიწყეს.

























