იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ბარტოლი ფიქრობს, რომ მთავრობამ ინვესტორებს კონკრეტული წინადადებები უნდა შესთავაზოს. როგორც ელჩი ამბობს, საქართველოს კარგი ადგილი უჭირავს საერთაშორისო რეიტინგებში, მაგრამ ამის გამოყენება ქვეყანამ უფრო ეფექტიანად უნდა მოახდინოს.
„საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს კარგი ადგილი დიდი სტიმულია, მაგრამ ერთია ამ რეიტინგებზე მუშაობა და მეორე, რომ ამან რეალური პროგრესი მოიტანოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სახით. ამის მიღწევა კი, ჩემი აზრით, კონკრეტული სტრატეგიით არის შესაძლებელი. ინვესტორებს კონკრეტული წინადადებები უნდა შეთავაზოთ. ეს ბევრად ეფექტური იქნება, ვიდრე იმაზე საუბარი, რომ საქართველოში არის იაფი მუშახელი, დაბალი გადასახადები, გამჭვირვალე გარემო და ა.შ. ეს სწორია, მაგრამ ალბათ არ არის საკმარისი“,- აცხადებს ელჩი.
მისივე თქმით, საერთაშორისო სავაჭრო პალატის სხდომაზე, რომელსაც ეკონომიკის მინისტრი გიორფი ქობულია ესწრებოდა, ისაუბრეს იმ დაბრკოლებებზე, რომლებიც საქართველოს ინვესტორების მოზიდვის მიმართულებით აქვს.
„როგორც მინისტრისგან მოვისმინეთ, მთავარი დაბრკოლება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის და ეკონომიკური ზრდისთვის არის კვალიფიციური განათლების არარსებობა, კვალიფიციური კადრები. ამიტომ მთავრობის მიზანია, განათლების რეფორმის დაჩქარება, რაც ადგილობრივი კადრების გადამზადებას გულისხმობს. ასევე , მნიშვნელოვანია საბაზრო მოთხოვნებზე კადრების მორგება. ხელისუფლებამ უნდა შეძლოს კვალიფიციური კადრების მოზიდვა და ამას მოახერხებს, თუ შემცირდება კერძო და საჯარო სექტორში დასაქმებულების ხელფასებს შორის სხვაობა“,- აცხადებს ელჩი.