საქართველოში იტალიის სრულუფლებიანი ელჩის ანტონიო ენრიკო ბარტოლის აზრით, ადგილობრივი თხილის მწარმოებლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ძირითადი საზრუნავი თხილის ხარისხის გაუმჯობესება და იმ ხარისხის მიღწევა უნდა იყოს, რომლის მეშვეობითაც პროდუქტს საერთაშორისო ბაზარზე თავისუფლად გაიტანენ.
„თხილის მწარმოებლებისთვის ხარისხი, პირველ რიგში, უზრუნველყოფს სტაბილურობას და მაღალ ფასებს მათ პროდუქტზე. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს თხილის ბაზრის უმსხვილეს ოპერატორთან ანუ ფერეროსთან, რომელსაც თავის მხრივ, მჭიდრო ურთიერთობა აქვს თხილის მწარმოებლებთან; როდესაც ვსაუბრობთ ფაროსანაზე და მისგან მიყენებულ ზიანზე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ აუცილებელია, საშრობი ცენტრების ქსელის არსებობა, რადგან ეს შეცვლის არსებულ მდგომარეობას და რაც მთავარია, ამ ცენტრების მეშვეობით მიიღწევა უკეთესი ხარისხი“, - განმარტავს ბარტოლი.
რაც შეეხება ევროკავშირში ქართული თხილის იმპორტზე მოთხოვნების გამკაცრების შესაძლებლობას, იტალიის ელჩი აცხადებს, რომ როდესაც ხარისხი გაუმჯობესდება, ვერანაირი ინსპექტირების გამკაცრება იქონიებს უარყოფით შედეგს ქართული თხილის საექსპორტო რეალიზაციაზე.
ანტონიო ენრიკო ბარტოლის თქმით, ერთადერთი, რითაც კომპანია „ფერერო“ არის დაინტერესებული, ხარისხიანი თხილის შეძენაა.

























