მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გადადგა

გაბრიელე გრავინა

ბოსნია-ჰერცეგოვინასთან იტალიის ნაკრების მარცხის შემდეგ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გაბრიელე გრავინა ამბობდა, რომ გადადგომას არ აპირებდა, მაგრამ 48 საათზე ნაკლებ დროში თანამდებობიდან წასვლა მაინც მოუწია.

გრავინაზე დიდი ზეწოლა იყო - გულშემატკივრებისგან და რაც მთავარია, პოლიტიკოსებისგან, რომლებიც მას წასვლისკენ მოუწოდებდნენ.

გაბრიელე გრავინა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად 2018 წელს აირჩიეს, როდესაც კარლო ტავეკიო შეცვალა. 2025 წლის თებერვალში გრავინა ხელმეორედ აირჩიეს პრეზიდენტად. მისი მმართველობის ხანაში იტალიელებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგეს, მაგრამ ბოლო ორ მუნდიალზე ვერ გავიდნენ.

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე ყრილობა 22 ივნისისთვის ჩაინიშნა, სადაც ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. ჯერჯერობით, უცნობია ვინ შეცვლის გრავინას.

რამდენიმე ვარიანტი დასახელდა: ჯოვანი მალაგო - იტალიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი, ჯანკარლო აბეტე - იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი (2007-2014). აგრეთვე, მედიაში გაიჟღერა პაოლო მალდინის და ადრიანო გალიანის სახელებმაც.

მანამდე, იტალიის ნაკრებს მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზოც დატოვებს. ახალი მწვრთნელი სავარაუდოდ და ლოგიკურად, მხოლოდ პრეზიდენტის არჩევის შემდეგ დაინიშნება. თუმცა, მედიაში ბევრი ვარიანტი უკვე დასახელდა - რობერტო მანჩინი, მაქს ალეგრი, ანტონიო კონტე და პეპ გვარდიოლაც კი.

იტალიის ნაკრებიდან წავიდა ჯანლუიჯი ბუფონიც, რომელიც 2023 წლიდან დელეგაციის ხელმძღვანელად მუშაობდა. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გადადგომას ბოსნიასთან მატჩის დასრულებისთანავე აპირებდა, მაგრამ გრავინას თხოვნით, გადაწყვეტილება ცოტა ხნით შეცვალა, ხოლო ახლა, როცა პრეზიდენტი გადადგა, ის თავისუფალია გადაწყვეტილებაში და იტალიის ნაკრები დატოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები