იტალიის პრემიერმინისტრმა ჯუზეპე კონტემ პარასკევს ტრანსადრეატიკული მილსადენის პროექტის განხორციელებას საბოლოო თანხმობა მისცა. პროექტის განხორციელების შემდეგ, იტალია მიიღებს კასპიურ ბუნებრივ აირს, რომელიც საქართველოს, თურქეთს, საბერძნეთსა და ალბანეთს, ასევე ადრეატიკის ზღვის ფსკერს გაივლის.
ამ გადაწყვეტილებას წინ იტალიის მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიის 5 ვარსკვლავის მოძრაობის პროტესტი უძღვოდა. პოლიტიკური დებატების მთავარ საკითხს გარემოს დაცვა წარმოადგენდა, 5 ვარსკვლავის მოძრაობის წევრთა შეფასებით, ბუნებრივ აირზე კონცენტრირების ნაცვლად, ქვეყანას განახლებად ენერგიაში უნდა განეხორციელებინა დამატებითი ინვესტიციები. პროექტის ყველაზე აქტიური კრიტიკოსი გარემოს დაცვის მინისტრი სერჟიო კოსტა იყო.
ახალი მილსადენი სამი ძირითადი მონაკვეთისგან შედგება, მათგან ორის - სამხრეთის გაზის დერეფანის (აზერბაიჯანი, საქართველო) და ტრანსანატოლიური მილსადენის (თურქეთი) მშენებლობა დასრულებულია. TANAP-ის გახსნის ცერემონია 12 ივნისს გაიმართა, მილსადენის აშენება $8.5 მილიარდი დაჯდა.
TAP-ის აშენების შემდგომ, ახალი მილსადენის საერთო სიგრძე 3.5 ათასი კილომეტრი იქნება და მასში წლიურად 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე ბუნებრივი აირი გაივლის.
TAP-ის მილსადენის მეწილეთა სია ასეთია - BP 20%; SOCAR 20%; იტალიური ენერგოკომპანია SNAM 20%; გაზის ტრანსპორტირების ბელგიური კომპანია Fluxys 19%; ესპანეთის ბუნებრივი აირის განაწილების ქსელის მფლობელი კომპანია Enagás 16%; შვეიცარიული ენერგოკომპანია AXPO 5%.
რაც შეეხება ბუნებრივ აირს, მის რეალიზაციას არა TAP, არამედ, შაჰ დენიზის კონსორციუმი ახდენს, რომლის მეწილეთა სიაც ასეთია - BP 25.5%, Statoil 25.5%, Socar 10%, Total 10%, Lukoil 10%, NICO 10%, Tpao 9%. ახალი მილსადენების მშენებლობისა და ბუნებრივი აირის საბადოს ათვისების პროექტის საერთო ღირებულება $25 მილიარდს აჭარბებს.
გაიზრდება საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ბუნებრივი აირის მოცულობა:
ტრანსანატოლიური მილსადენის დატვირთვის შედეგად, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი „ოფციური“ და „დამატებითი“ გაზის ჯამური მოცულობები მნიშვნელოვნად გაიზრდება - წლიურად 1.2 მილიარდი მეტრ კუბით, პერსპექტივაში - წლიურად 1.6 მილიარდ მეტრ კუბამდე.
საქართველო, აზერბაიჯანის „შაჰ-დენიზის“ საბადოს ათვისების პირველი ფაზის ფარგლებში, გაზს იღებს „სამხრეთ-კავკასიური მილსადენიდან“ (ცნობილია, როგორც „ბაქო- თბილისი-ერზრუმი“) ე.წ. „ოფციურ“ და „დამატებით“ გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებების საფუძველზე. „ოფციური“ გაზის მოცულობა ყოველწლიურად განისაზღვრება აზერბაიჯანიდან თურქეთში გატარებული გაზის მოცულობის მიხედვით. ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2068 წლამდეა განსაზღვრული. დამატებითი გაზის მოცულობა ფიქსირებულია და ხელშეკრულების საფუძველზე (მოქმედების ვადა - 2026 წლამდე) ქვეყანაში წლიურად 500 მილიონი მეტრ კუბი ბუნებრივი გაზი შემოდის.