მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალიური ბრენდი Armani ლუქს-კლასის სასტუმროების ქსელს ეგვიპტესა და საუდის არაბეთში აფართოებს

armani

მოდის სახლი Armani სასტუმრო ბიზნესში პოზიციებს აძლიერებს და ახალი პრემიუმ კლასის სასტუმროების გახსნას საუდის არაბეთსა და ეგვიპტეში გეგმავს. ამჟამად იტალიური ლუქს-ბრენდი სასტუმროებს დუბაისა და მილანში ფლობს, თუმცა კომპანიამ იტალიის მოდის დედაქალაქისგან მოშორებით გაფართოება გადაწყვიტა.

ბრენდმა ეგვიპტეში პირველი სასტუმროს გახსნის გეგმა წარადგინა - წითელი ზღვის პირას მდებარე კომპლექსი სტუმრებისთვის კარს 2030 წელს გააღებს. ამ განცხადებას წინ უძღოდა ერ-რიადში "Armani Hotel Diriyah"-ის მშენებლობა, რომელიც პირველ სტუმრებს, სავარაუდოდ, 2027 წელს მიიღებს.

ამ დროისთვის ბრენდი ორ სასტუმროს მართავს: "Armani Hotel Dubai"-ს, რომელსაც "ბურჯ ხალიფას" რამდენიმე სართული უკავია, და "Armani Hotel Milano"-ს.

დუბაის ობიექტი 2010 წელს გაიხსნა, რასაც 2011 წელს მილანის სასტუმრო მოჰყვა. ორივე პროექტი Armani-სა და უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია Emaar-ის დამფუძნებელს, ბიზნესმენ მოჰამედ ალაბარს შორის ხანგრძლივი პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდა.

ვრცელდება ინფორმაცია მომავალი სასტუმროებისა და კურორტების პოტენციურ მიმართულებებზეც, რომელთა შორისაა ლონდონი, პარიზი, ნიუ-იორკი, მაიამი, ბანგკოკი, სინგაპური, ტოკიო და მალდივები.

რა ვიცით ახლად დაანონსებულ პროექტებზე

"Armani Hotel Diriyah", რომელიც ამჟამად ერ-რიადის შემოგარენში, დირიიას ისტორიულ არეალში შენდება, 2027 წელს გაიხსნება.

კომპლექსი საუდის არაბეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული და კულტურული რეგენერაციის პროექტის ნაწილია, რომლის ცენტრსაც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი - ისტორიული ატ-ტურაიფის რაიონი წარმოადგენს. ახალი სასტუმრო Armani-ს საფირმო დიზაინს ისტორიულ გარემოს შეუხამებს და რეგიონის სტუმრებს კიდევ ერთ ლუქს-კლასის ლოკაციას შესთავაზებს უკვე არსებულ და მალე გასახსნელ მრავალრიცხოვან ობიექტებთან ერთად.

ეგვიპტეში Armani ახალი სასტუმროსა და საცხოვრებელი კომპლექსის გახსნას 2030 წლისთვის Marassi Red Sea-ში გეგმავს - ზღვისპირა კურორტსა და საცხოვრებელ დასახლებაში, რომელიც ჰურგადას საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს მდებარეობს.

სანაპიროზე განთავსებული კომპლექსიდან ხედი როგორც წითელ ზღვაზე, ისე იახტკლუბზე გადაიშლება. იგი გააერთიანებს სასტუმრო ნომრებს, სერვისულ აპარტამენტებსა და Armani-ს ბრენდის ექსკლუზიურ კერძო რეზიდენციებს.

ინტერიერი მოდის სახლის ავეჯისა და ინტერიერის დიზაინის მიმართულების - Armani/Casa-ს ესთეტიკას გაიმეორებს. ბრენდი მომხმარებელს თავის დახვეწილ, სადა სტილსა და დეტალებზე განსაკუთრებულ ყურადღებას ჰპირდება.

პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი ველნეს-მიმართულება იქნება. გეგმა ითვალისწინებს ჯანმრთელობაზე, ძალების აღდგენასა და დღეგრძელობაზე ორიენტირებულ სპეციალურ სივრცეს, სადაც ხელმისაწვდომი იქნება ინდივიდუალური პროცედურები, ფიტნეს-ცენტრები და რელაქსაციის მრავალფეროვანი შესაძლებლობები.

სასტუმროების ოთახფონდისა და საინვესტიციო ღირებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები