იტალიური ხელოვნების ნიმუშები ისევ თბილისშია. საქართველოს პირველი რესპუბლიკის ასი წლისთავის აღსანიშნად იტალიის საელჩოს თანამშრომლობა საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან გრძელდება და ამჯერად ბოტიჩელის, კარავაჯოსა და მიქელანჯელოს შემდეგ, დამთვალიერებლებისათვის ტიციანის, ლეონარდო და ვინჩის, რაფაელისა და ბევრი სხვა დიდოსტატის ნამუშევარები გამოიფინება.
ოთხი ახალი გამოფენა, 15 მაისს გაისნება და ოქტომბრამდე გაგრძელდება.
„ტიციანი, ფერთა ოსტატი. მადონა ყრმით“ (15.05.2018 – 05.08.2018) - ნამუშევარი "ღვთისმშობელი ყრმით" ("მადონა ალბერტინი") ტიციანის ფერწერის განუმეორებელი სტილისა და ტექნიკის უბადლო ნიმუშია. ნახატი დაცულია ვენეციის აკადემიის გალერეაში, სადაც ვენეციური ხელოვნების უმდიდრესი კოლექცია ინახება
„რენესანსის დიდოსტატები. გრაფიკული ნამუშევრები“ (25.05.2018 – 26.08.2018) - ტურინის სამეფო ბიბლიოთეკის კუთვნილი 45 გრაფიკული ნამუშევრის შესანიშნავი გამოფენა. ნამუშევრების ავტორებს შორის არიან რენესანსის გასაოცარი პერიოდის ისეთი დიდოსტატები, როგორიცაა ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, რაფაელი, ბოტიჩელი, ბრამანტინო, სინიორელი, ვაზარი, პინტურიკიო და სხვები. გამოფენა იმართება კულტურულ ასოციაცია "მეტამორფოზისთან" თანამშრომლობით.
"Evidence. A New State of Art” (25.05.2018 – 26.08.2018) - გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტის (IGAV) მიერ ჩაფიქრებული და განხორციელებული გამოფენა, რომელიც წარმოგვიდგენს თანამედროვე იტალიურ ხელოვნებას გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან დღემდე და აერთიანებს სხვადასხვა თაობის იტალიელი მხატვრების განსხვავებულ ხედვებსა და განსხვავებული გამომსახველობითი ენით შექმნილ ნამუშევრებს.
„ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო“ (03.09.2018 – 29.10.2018) - თემატური გამოფენა, რომლის მეშვეობით ამჯერად რომში გადავინაცვლებთ. გამოფენაზე წარმოდგენილი ბაროკოს უმნიშვნელოვანესი ფიგურის, ჯან ლორენცო ბერნინისა და მე-17 საუკუნის სხვა ოსტატების ნამუშევრები დაცულია რომის მახლობლად მდებარე „პალაცო კიჯი ინ არიჩაში" განთავსებულ რომაული ბაროკოს მუზეუმში, რომელიც საერთაშორისო ავტორიტეტის მქონეა იტალიური და, განსაკუთრებით, რომაული ბაროკოს შესწავლის კუთხით.
“როგორც ნამდვილ მეგობრებს სჩვევიათ, ჩვენც გვინდა ქართველ ხალხს ჩვენი საუნჯე გავაცნოთ და გავუზიაროთ", - განმარტავს იტალიის ელჩი ანტონიო ბარტოლი, - "სლოგანი "Vivere all’italiana" ("იტალიური ცხოვრების წესი") ნიშნავს, რომ იტალია გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ქვეყანა - ეს სილამაზისგან, გემოვნებისა და კრეატიულობისგან შემდგარი ცხოვრების სტილია. ჩვენ ძალიან გგავართ. საქართველოსაც ძველთაუძველესი ისტორია და უამრავი სამომავლო გეგმა აქვს.
მადლობას ვუხდი ქართულ ინსტიტუციებსა და ეროვნულ მუზეუმს და, რაც მთავარია, იმედი მაქვს, რომ ეს უდიდესი შედევრები, რომლებიც უნივერსალური ღირებულებების გამოხატულებაა, ბევრი ქართველი ახალგაზრდისთვის შთაგონების წყაროდ იქცევა". - ამბობს ელჩი.

























