პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლებას ევროპის საბჭოს „კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის“ (GRECO) ანტიკორუფციული შეფასების ანგარიში არ დაუმალავს, როგორც ეს “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” გაავრცელა. საქმე ის არის, რომ ორგანიზაციამ ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიში, რომლის გასაჯაროებაზეც საქართველოს მთავრობამ პირველად განაცხადა უარი.
“ეს ტყუილი გაავრცელა “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ”, რომელსაც სინამდვილეში უნდა ერქვას ნაციონალური ბუნდოვანება, ვინაიდან სრულიად იმის საპირისპიროა, რაც ჰქვია. მათ გამოაქვეყნეს ტყუილი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩვენ დავმალეთ GRECO-ს ანგარიში. სინამდვილეში უკვე გვაქვს გაცემული თანხმობა ევროსაბჭოსთვის იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ანგარიში გამოქვეყნდება. ტექნიკური საქმეა დარჩენილი, თარგმნა, დღეების ამბავია, როგორც კი ითარგმნება, მაშინვე გამოქვეყნდება”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” განცხადებით, 2024 წლის 18-22 მარტს სტრასბურგში GRECO-ს 96-ე პლენარულ შეხვედრაზე დამტკიცდა საქართველოს მე-5 რაუნდის შეფასების ანგარიში, რომელმაც შეაფასა აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისა და ასევე, სამართალდამცავი ორგანოების კორუფციის პრევენციისა და კეთილსინდისიერების მექანიზმები. შეფასებას თან ახლავს რეკომენდაციები, რომელთა შესრულების შესახებ ანგარიში საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 30 სექტემბრამდე უნდა წარადგინოს.
“შეფასების ანგარიში ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორებიცაა: ინტერესთა კონფლიქტი, თანამდებობის პირების მიერ საჩუქრის მიღების პოლიტიკა, ქონებრივი და ინტერესთა მდგომარეობის დეკლარაციები, მათი მონიტორინგი და დაწესებული სანქციები. ასევე, სამართალდამცავ უწყებებში დანერგილი ანტიკორუფციული და კეთილსინდისიერების მექანიზმები და მათი პრაქტიკაში გამოყენება”, - წერს “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“.