Apple-ის პროდუქციის ქართველ რეალიზატორებს შორის დიდი ხანია უკვე დაპირისპირება მიმდინარეობს, თუმცა დავა ამჯერად სასამართლომდე მივიდა. iTechnic-ი კონკურენტი ბაზრის სამ მოთამაშეს კარტელურ გარიგებაში ადანაშაულებს. ბოლო ერთი წელია iPhone+-ში შემოსავლების სამსახური რევიზიას აწარმოებს. კომპანიიის ყველა ფილიალში მოულოდნელად შევიდა ფინანსური პოლიცია და მოკვლევის შედეგად ამოიღეს ტელეფონები, რომელიც ფინანსური პოლიციის განცხადებით, მეორადი იყო. iPhone +-სა და iTechnic-ს შორის ბიზნეს დავა დღემდე გრძელდება. iTechnic-ის სარჩელის საფუძველზე, iPhone +-ის ანგარიშები დაყადაღებულია. iPhone +-ის დამფუძნებლი ტექნიკის კომპანიის მიზანმიმართულ გაკოტრებაში სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძესა და მისი ოჯახის წევრებს სდებს ბრალს, - თემაზე "საქმიან დილასთან" iTechnic-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ბექა მიქუჭაძე საუბრობს.
- ბატონო ბექა, თავიდან რასთან დაკავშირებით წარმოიქმნა კონფლიქტი თქვენსა და iPhone +-ს შორის?
- თანამედროვე ბიზნესისთვის უჩვეულო მოვლენასთან გვაქვს საქმე. ბატონი მარღიშვილი სიცრუესა და ტყუილის ტირაჟირებაში ხარჯავს ფულს და მინდა ვურჩიო, რომ ნაცვლად ტყუილებისა და კანონდარღვევებისა მან პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს და იმ სამართლებრივ დავაში ჩაერთოს, რაც მის მიმართ წარმოებს.
კომპანია iTechnic 2011 წლის აგვისტოში შემოვიდა Apple-ის ბაზარზე.
ჩვენი კომპანიის გახსნის პირველივე დღიდან ბატონი მარღიშვილი და მისი კომპანია ძალიან აგრესიული პოლიტიკით ცდილობდა iTechnic-ის დისკრედიტაციას და ბაზრიდან განდევნას, ვინაიდან მას მანამდე არსებული მდგომარეობის შენარჩუნება სურდა, რადგან ბაზარზე სრული მონოპოლიაა ეკავა. იგი მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას ეფექტურად ახერხებდა, ბაზარზე მარტო იყო და არსებულ სიტუაციას, რა თქმა უნდა, სათავისოდ იყენებდა. ჩვენი პირველი ობიექტის გახსნის დღიდან, მან როგორც დაინახა, რომ ჩვენს კომპანიას სახელად iTechnic-ი ეწოდა, ქურდულად წავიდა და ვებ-ვერდი iTechnics.ge დაარეგისტრირა და მისი არაკეთილი სურვილები და ზრახვები მალევე გამომჟღავნდა, თუ რა ამოძრავებდა მას. აღნიშნულ საიტზე ჩვენი იმიჯის რეპუტაციის შემლახველი, როგორც ფოტო, ისე ტექსტური მასალები განათავსეს. მან სერიოზული ზიანი მოგვაყენა და ნამდვილად დაგვაკარგინა, როგორც ფიზიკური, ასევე კორპორატიული კლიენტები და ამას ერთჯერადი ხასიათი არ ქონია. ვებ-გვერდზე შეურაცხმყოფელი, ცილისწამებლური განცხადებები იდებოდა.
- ყოველივე ამის კონკრეტული არგუმენტები გაქვთ?
- რა თქმა უნდა, კონკრეტული არგუმენტები გვაქვს. ვინაიდან მათ დაგვასწრეს და ქურდულად ვებ-გვერდი დარეგისტრირეს, ამიტომაც აღნიშნული ვებ-გვერდის სახელწოდებაზე ბოლო თანხმოვნის S-ის ჩამოცილება მოგვიწია. რის შემდეგაც ჩვენი ვებ-გვერდი დავარეგისტრირეთ - iTechnic.ge. ამის შემდეგ ჩვენი მისამართით ტყუილის პროპაგანდა გაგრძელდა და ცილისწამებლური და ათასი ბინძური ინფორმაციის გავრცელება მომხმარებელში მუდმივად ხდებოდა. ამის შემდეგ ამ ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას სრულიად აკოპირებდნენ და ინფორმაციები სოციალურ ქსელში გადაქონდათ. კერძოდ Facebook-ის ყალბი გვერდი შექმნეს, რომელიც ჩვენი Facebook-გვერდის დუბლიკატია. ინფორმაცია ერთი-ერთში გადაქონდათ. ხელწერა, კონტენტი იგივეა და ამ ფაქტებს ვერსად ვერ გაექცევიან.
- ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე?
- ეს მათი საწინააღმდეგო ქმედებებია, ჩვეულებრივი ბიზნესდავაა, რადგან მათ მიზანმიმართული დისკრედიტაციით გამოიწვიეს ის, რომ მაზარალეს და ფინანსური ზიანი მომაყენეს, რაზეც ჩვენ ვდავობთ. დღეს ადამიანები ინტერნეტ სივრცეს აქტიურად იყენებენ და აქ, როგორც რეკლამის, ისე ანტი რეკლამის გაკეთებაც ადვილია და თავისუფლად შეიძლება. შეიძლება ითქვას, მათ ასე ძალიან გვაზარალეს.
- ასეთი ტიპის დარღვევებს სისტემატური სახე აქვს და მსგავსი საქციელი ახლაც გრძელდება?
- დიახ, ამას სისტემატური ხასიათი აქვს. როგორ გგონიათ მისი ბოლო დროს აგორებული კამპანია რას ემსახურება? მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი კომპანიის ღირსების, ავტორიტეტის, პრესტიჟის შებღალვას, სახელის გატეხვას, ნდობის დაკარგვას, რადგან მათი მიზანია ჩვენი კომპანიის ბაზრიდან განდევნა, თუმცა ეს ვერ მივართით. მინდა, მთელ ჩემს გუნდს მადლობა გადავუხადო, რადგან ჩვენ ვართ ის კომპანია, რომელმაც ამ სფეროში მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისები და მომხმარებელზე ორიენტირებული დასავლური ღირებულების ბიზნესი დავნერგეთ. ჩვენ საზოგადოებას ყოველთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქციას ვთავაზობთ და ზუსტად ამის გამო, უამრავი ერთგული და ლოაიალური მომხმარებელი დაგვიგროვდა. ჩვენ კოორდინირებულად და ღირსეულად ვმუშაობთ, რამაც ჩვენს კომპანიას კარგი რეპუტაცია და ნდობა დღემდე მოუტანა.
- როგორია თქვენი სამომავლო სამოქმედო გეგმები?
- ჩვენ აუცილებლად თანმიმდევრულები ვიქნებით. ჩვენ ჩვენი სიმართლის გვჯერა და პატივცემული მარღიშვილი ტყუოდა, როდესაც აღნიშნავდა, რომ უპრეცედენტო განჩინება იყო გამოტანილი. მისმა ადვოკატმა დაადასტურა, რომ არაფერ უჩვეულობასთან საქმე არ გვქონდა და ეს ბიზნეს დავაში ჩვეულებრივი აპრობირებული მეთოდია ანგარიშების დაყადაღება და იგი ერთი დღითაც არ დახურულა, დღემდე ვაჭრობას და რეალიზაციას მშვენივრად აგრძელებს. 1 600 ლარის ნაცვლად, რომელსაც ის აპელირებდა, 6-ჯერ ნაკლები ანგარიშებია დაყადაღებული და იმ მიზნით, რომ ჩვენ თეორიულადაც გამოგვერიცხა რაიმე ზარალი მის წინააღმდეგ, ჩვენ იმდენად გვჯერა ჩვენი სიმართლის მოსამართლის გადაწყვეტილებით, საგარანტიო თანხა 50 000 ლარი სადეპოზიტო ანგარიშზე განვათავსეთ. ჩვენი მიზანია ეს საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და ყველა ის მცდელობა, რომ პასუხისმგებლობას გაექცეს ფუჭია, იმიტომ რომ მას პასუხის გაცემა იმ სამართალდარღვევებზე, რაც მის წინაშეა ნამდვილად მოუწევს. ჩვენ ძალიან შორსმიმავალი გეგმები გვაქვს.

























