მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„იუაი საქართველოს“ ორი ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

60423686457f4
ინგა მურუსიძე
05.03.21 21:28
1063
საკონსულტაციო კომპანია „იუაი საქართველოს“ ორი ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ანი სუბელიანი სათავეში ჩაუდგება „იუაი საქართველოს“ სტრატეგიისა და გარიგებების, ხოლო გიორგი ცინცქილაძე - „იუაი საქართველოს“ საკონსულტაციო მომსახურებას. ანი და გიორგი შეცვლიან ზვიად მემარნიშვილს, რომელმაც საქართველოში ეს ორი პრაქტიკა დააფუძნა და დღემდე თავად უძღვებოდა.

„იმ დროს, როდესაც ჩვენი კლიენტები სულ უფრო ხშირად მოგვმართავენ როგორც ტრადიციული, ისე ინოვაციური მომსახურების მისაღებად, ახალი ხელმძღვანელების დანიშვნა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს "იუაის" ურყევ მიზანს, კლიენტებს შესთავაზოს უმაღლესი ხარისხის მომსახურება და შეინარჩუნოს საქართველოში მოწინავე პოზიცია. ადგილობრივი კადრების განვითარება და მათი პროფესიონალიზმი ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ გვეამაყება ანის და გიორგის სწრაფი კარიერული ზრდა და დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი შეძლებენ ფირმის მემკვიდრეობის ღირსეულად გაგრძელებას.

მადლობას ვუხდი ზვიადს გაწეული შრომისა და მიღწევებისთვის. ზვიადი არის გამორჩეული ადამიანი, მკაფიო პრიორიტეტებით და გრძელვადიანი ხედვით. მისი ხელმძღვანელობით ჩვენი საკონსულტაციო და სტრატეგიული განვითარების მიმართულებები წლიდან წლამდე აჩვენებდა ზრდის მაღალ ტემპს. მისმა წასვლამ ბევრს დაგვწყვიტა გული. ცხოვრება წინ მიდის და ცვლილებები მისი განუყოფელი ნაწილია, თუმცა „იუაიში“ ჩვენ არ გვყავს ყოფილი თანამშრომლები, რადგან ჩვენთან მიღებული განსაკუთრებული გამოცდილება და შეძენილი ურთიერთობები მთელი ცხოვრების განმავლობაში მიგყვება, განურჩევლად იმისა, თუ როდის მოხვალ ჩვენთან და რამდენ ხანს დაჰყოფ აქ“, - აცხადებს რუსლან ხოროშვილი, „იუაი საქართველოს“ მმართველი პარტნიორი.

გარდა ამისა, ორგანიზაციის საგადასახადო და იურიდიულ მომსახურებას ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. საქართველოში "იუაის" საგადასახადო და იურიდიულ პრაქტიკას ტატო ჩანტლაძე გაუძღვება. ზურაბ ნიკვაშვილი, რომელმაც ეს პრაქტიკა საქართველოში დააფუძნა და მას დღემდე უძღვებოდა, „იუაი საქართველოს“ უფროსი კონსულტანტი იქნება.

„ზურა ბიზნესსკოლაში ჩემი ბუღალტერიის ლექტორი იყო, ხოლო "იუაიში" მუშაობის განმავლობაში - ჩემი მენტორი და კარგი მეგობარი. მან დიდი როლი ითამაშა ჩემი და სხვა ბევრი ახალგაზრდა პროფესიონალის განვითარებაში. მადლიერი ვარ, რომ მომეცა მასთან ერთად მუშაობისა და მისგან ბევრის სწავლის შესაძლებლობა. უფროსი კონსულტანტის ამპლუაში იგი გააგრძელებს ტატოს და ჩემს მხარდაჭერას ჩვენი ფირმის წინსვლისთვის.

მოხარული ვარ, გაცნობოთ ტატოს დანიშვნა საგადასახადო და იურიდიული პრაქტიკის ახალ ხელმძღვანელად. დარწმუნებული ვარ, ტატო ახლებურ ხედვას შესძენს საქართველოში ჩვენს საქმიანობას და დაგვეხმარება კლიენტების უკეთ მომსახურებაში. მას აქვს როგორც კონსულტანტის, ისე კლიენტის ამპლუაში მუშაობის ფასდაუდებელი გამოცდილება. ტატოს მოწვევა ჩვენს გუნდში ცხადად მეტყველებს ჩვენს მიზანზე, გავიმყაროთ წამყვანი პოზიცია ბაზარზე და კიდევ უფრო განვვითარდეთ ახალი, ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების დანერგვით, რათა კლიენტების საჭიროებები უკეთ ამოვიცნოთ და დავაკმაყოფილოთ“, - განაცხადა ხოროშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები