იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა მცხეთის ისტორიული ძეგლები საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან ამოიღო და მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დააბრუნა.
კულტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ კომიტეტის წევრი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადებითად შეფასდა ის კომპლექსური ძალისხმევა, რომელსაც სახელმწიფო მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის მიმართულებით ახორციელებს.
მცხეთის ისტორიული ძეგლები იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წლიდან იყო შესული, ხოლო სახელმწიფოს მიერ გადადგმული არათანმიმდევრული ქმედებებისა და საერთაშორისო ვალდებულებების უგულველყოფის გამო 2009 წლიდან იგი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში იყო გადატანილი.
"2015 წელს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა ქალაქ მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმი .
მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული იუნესკო-საქართველო სამწლიანი ხელშეკრულების ფარგლებში მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ექსპერტების აქტიური ჩართულობითა და ზედამხედველობით მიმდინარეობს მუშაობა ქალაქ მცხეთის ქალაქთმშენებლობითი რეგულირების დოკუმენტაციაზე . მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების შესაბამისად შემუშავდა და კულტურის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა მცხეთის ისტორიული ძეგლების ერთიანი დამცავი (ბუფერული) ზონა. 2016 წლის მარტში დასრულდა მუშაობა კულტურულ მემკვიდრეობის კოდექსის პროექტზე, რომელიც მოიცავს კანონს მსოფლიო მემკვიდრეობის შესახებ და კანონს არამატერიალური მემკვიდრეობის შესახებ", - განმარტავენ სამინისტროში.

























