პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოების დონეზე, ისევე როგორც ეს რაიონული სასამართლოების დონეზეა, სასამართლოს სპეციალიზებული სტრუქტურის განსაზღვრის უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ენიჭება, როგორც სასამართლოს ეფექტიანობაზე პასუხისმგებელ კონსტიტუციურ ორგანოს.
ცვლილების მიხედვით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს (სააპელაციო და რაიონული სასამართლოების თავმჯდომარეების ნაცვლად) დისკრეციული უფლებამოსილება ენიჭება ელექტრონული პროგრამის გამოყენების გარეშეც შეარჩიოს შესაბამისი მოსამართლე, რომელსაც მისი სურვილის შემთხვევაში, სხვა სპეციალიზაციის საქმეთა განხილვაც დაევალება, როგორც დროებითი ღონისძიება.
როგორც მომხსნებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა, აღნიშნული ცვლილება იმით არის განპირობებული, რომ რაიონული და სააპელაციო სასამართლოების ფუნქციონირებისას, ხშირია შემთხვევა, როდესაც შესაბამისი სპეციალიზაციის მოსამართლე, სხვადასხვა ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, ვერ ახორციელებს მართლმსაჯულებას.
პროექტის თანახმად, მიზანშეწონილია, დიდი დატვირთვის მქონე სასამართლოებში, როგორებიცაა სააპელაციო სასამართლოები და რაიონული სასამართლოები, სადაც არანაკლებ 30 მოსამართლეა, სასამართლოს თავმჯდომარეს 2 მოადგილე ჰყავდეს, რომელთაგან ერთ-ერთი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შესაძლებელია პირველ მოადგილედ დანიშნოს. გორდულაძის თქმითვე, კანონპროექტით იხვეწება უზენაეს სასამართლოში და ქვემდგომ სასამართლოებში კონკურსებთან დაკავშირებული საკითხები.




























