საადვოკატო ბიურო OK&CG სასწავლო ცენტრს გახსნის, რომელიც მომავალ იურისტებს გადაამზადებს - პრაქტიკული სასწავლო ცენტრის შექმნის იდეასა და მიზნებზე OK&CG-ის თანადამფუძნებელმა ოთარ კაჭკაჭიშვილმა "საქმიანი დილას" ეთერში ისაუბრა.
"ძალიან ხშირად ვხვდებით ბაზარზე უამრავ ტრეინინგ ცენტრს, სადაც თეორიული სწავლება მიმდინარეობს. ვფიქრობთ, რომ, იურიდიული შრომითი ბაზრისთვის, ასეთი ტრეინინგ ცენტრები ვერ პასუხობენ გამოწვევას და ვერ გადაამზადებენ სტარტაპერებს ან ბიზნესში მომავალ ადვოკატებს, მომავალ იურისტებს, რომლებსაც უნდათ, რომ შრომით ბაზარზე შევიდნენ და დამსაქმებლის მოთხოვნებს უპასუხონ. ამიტომ, თუ ამ იდეას ისე განვახორციელებთ, როგორც ეს ჩანაფიქრში გვაქვს, ჩვენ გავხდებით ერთ-ერთი ის ადგილი, საიდანაც უნივერსიტეტდამთავრებულს, ჩვენს მომავალ კოლეგებს შეეძლებათ, სწორი სტარტი აიღონ თავიანთ იურიდიულ თუ საადვოკატო საქმიანობაში. ეს არის ჩვენი იდეა და მიზანი. და რაც მთავარია, ბუნებრივია, წარმატებულ მსმენელებს, ვინც მონაწილეობას მიიღებენ ჩვენს პროექტებში, ექნებათ შესაძლებლობა, დასაქმდნენ ჩვენს იურიდიულ კომპანიაში", - ამბობს ოთარ კაჭკაჭიშვილი.
სასწავლო პროცესი სრულად კომპანიის რესურსით ჩატარდება, რისთვისაც OK&CG მათ განახლებულ სივრცეს გამოიყენებს. რაც შეეხება პროექტის განხორციელების ვადებს, როგორც კაჭკაჭიშვილი BMG-ის ეთერში აღნიშნავს, ცენტრი ოპერირებას, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან დაიწყებს.
კაჭკაჭიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ მსგავსი კურსების არსებობის სურვილი სულ იყო, OK&CG კი ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც ამ გამოწვევას უპასუხებს.
"ჩემი 27 წლის პრაქტიკიდან გამომდინარე, გადაჭარბებული არ იქნება ვთქვა, რომ ათასობით კადრმა გაიარა ჩემს ხელში, რომლებიც უკვე ბევრ სხვადასხვა ადგილას არიან დასაქმებულები და წარმატებულ იურიდიულ კარიერას ეწევიან. როცა მიწევს მენტორობის გაწევა და ახალი სტაჟიორის ან მომავალ თაობას ვხვდები, მათ სულ აქვთ სურვილი, რომ არსებობდეს ცენტრი, სადაც ისინი შეძლებდნენ არა მხოლოდ თეორიის, არამედ პრაქტიკისთვის საჭირო უნარ-ჩვევების შეძენას. ამიტომ, თეორია უნივერსიტეტებს მივანდოთ, ხოლო პრაქტიკული სწავლების ტვირთი, ვფიქრობ, რომ იურიდიულმა კომპანიებმა უნდა იტვირთონ. ამიტომ ერთ-ერთი პირველები ჩვენ ვიქნებით ამ კუთხით; ვეცდებით, რომ ამ გამოწვევას ვუპასუხოთ და დავაკმაყოფილოთ ამ ადამიანთა სურვილები", - განმარტა ოთარ კაჭკაჭიშვილმა.




























