მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იურისტი: სავარაუდოდ, შერჩევითმა სამართალმა ახლა "თიბისი ბანკისთვის" მოიცალა

5c67d92970392
BM.GE
16.02.19 14:00
5837

იურისტი მარიკა არევაძე "თიბისი ბანკის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებს.

იურისტი Facebook–ის საკუთარ გვერდზე იმ კითხვებს სვამს, რაც ეროვნული ბანკის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გააჩინა.

"ვხვდები, როგორი დაუცველები ვართ რიგითი მოქალაქეები, როდესაც ამხელა ორგანიზაციას მიადგა შერჩევითი სამართალი, რომელსაც ბიზნეს ან პოლიტიკური ინტერესის ელფერი დაჰკრავს.

ბევრი კითხვის ნიშანია ამ საქმის გარშემო, მაგალითად - რატომ დაინტერესდა პროკურატურა 2019 წლის იანვარში 2008 წლის საბანკო ოპერაციებით, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, არაერთხელ იქნა საერთაშორისო აუდიტორებისა თუ სახელმწიფო სტრუქტურების მიერ, მათ შორის, თავად ეროვნული ბანკის მიერ შემოწმებული? რატომ მოხდა ეს ანაკლიის პორტის პროექტის დაწყებამდე? ხომ არ ემსახურება ეს ყველაფერი წილების, ან თუნდაც ბიზნესის წართმევას, ან უბრალოდ ურჩი ბიზნესმენების „დასჯის“ პოლიტიკას? რატომ ამღერდა ერთ ხმაში ყველა სამთავრობო რგოლი? რას ემსახურება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება და რამდენად კანონიერია ის?

მოვისმინე, ბიზნესომბუდსმენი როგორ გაჭირვებით საუბრობდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების საჭიროებაზე, არადა საუბარი არასდროს უჭირს ხოლმე ... და მივხვდი, დღეს თუ არ მოხდება ხმის ამოღება და არ დაიწყება ბრძოლა სამართლიანობისათვის, ხვალ უკვე გვიანი იქნება. ყველას გვახსოვს ალბათ ცოტა ხნის წინ განვითარებული მოვლენები - სასამართლოს მიღმა, შუშის სასახლეში დარეგულირებული ბიზნეს დავები; სარდაფებში გარჩეული საქმეები; ბიზნეს წილების მოთხვონა/წართმევის სცენარები; ღიად დაფიქსირებული უკმაყოფილება ხაზარაძის მიმართ და დაპირება, რომ ერთ წელიწადში ყველაფერს დაალაგებს.

სავარაუდოდ, შერჩევითმა სამართალმა ახლა „თიბისი ბანკისთვის“ მოიცალა და დღეს თუ ამის ნებას მივცემთ, ხვალ კიდევ უფრო მეტად დაუცველები ვიქნებით.

ჩვენივე ეკონომიკას ვარყევთ, როდესაც ხელოვნურად ექმნება საფრთხე სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას და არც იმის ფუფუნება გვაქვს, საქართველოს ბიუჯეტიდან ვანაზღაუროთ პერსონების სურვილებზე აგებული საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელებით გამოწვეული ზიანი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი მინდა მოვუწოდო საქართველოს ეროვნულ ბანკს - გააკეთოს განმარტებები მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე და გადახედოს მის საჭიროებას; საქართველოს პროკურატურას კი - შეძლოს და აწარმოოს ობიექტური გამოძიება", – წერს იურისტი.

შეგახსენებთ, რომ "თიბისი ბანკმა" ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

"თიბისი ბანკმა" სარჩელი შეიტანა ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით. "თიბისი ბანკი" აგრძელებს დავას და არ ეთანხმება ეროვნული ბანკის პოზიციას, რომ 2007-2008 წლების ტრანზაქციებით თიბისი ბანკმა მოახდინა ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა",- ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

სასამართლოში ჩივილი "თიბისი ბანკმა" მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ეროვნულმა ბანკმა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენება 2 თვის ვადაში მოითხოვა. ამასთან, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს სამეთვალყურეო საბჭოში ხელმოწერის უფლება შეუჩერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები