მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იურისტი TBC-ის საქმეზე: უნდა არსებობდნენ აქციონერები, რომლებმაც იმ ტრანზაქციის გამო იზარალეს

5c727e7ccb6fb
ნათია ამირანაშვილი
24.02.19 20:00
2631
იურისტ რაულ აგიკიანის აზრით, უნდა არსებობდნენ აქციონერები, რომლებმაც 2008 წლის ტრანზაქციის გამო იზარალეს.

ამის შესახებ მან გადაცემა „საქმის კურსში“ TBC ბანკის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

„პირველი, რაც ჩემთვის ცოტა გასაოცარია, არის ის, რომ როდესაც ეროვნული ბანკის განცხადებებს ვეცნობით, ყველგან ხაზი ესმევა, რომ ეს არის აქციონერთა ინტერესების დაცვისთვის, კორპორატიული მართვის პრინციპებიდან გამომდინარე ღონისძიებები და თუ ეს ყველაფერი კეთდება აქციონერთა ინტერესების დაცვისთვის, მაშინ უნდა არსებობდნენ ისეთი აქციონერები, რომლებიც დაზარალდნენ კონკრეტული ფინანსური ოპერაციის შედეგად და რომლებმაც მიმართეს მარეგულირებელს -ეროვნულ ბანკს რეაგირებისთვის“, - განაცხადა აგიკიანმა, მაგრამ იქვე დასძინა, რომ სებ-ს TBC ბანკის 1 მლნ ლარით დაჯარიმების უფლება ჰქონდა, თუმცა იურისტს კითხვები აქვს იმასთან დაკავშირებით, რატომ მოითხოვა მარეგულირებელმა 11 წლის წინანდელი ტრანზაქციის გამო, სამეთვალყურეო საბჭოდან ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის წასვლა.

„ეს პირდაპირ არის ჩარევა კორპორაციულ დამოუკიდებლობაში აქციონერთა ინტერესების დაცვის მიზნით; აი, ეს არის ჩემთვის არალერევანტური. არცერთი კორპორატიული მართვის პრინციპი არ იცნობს აქციონერთა ინტერესების იმდაგვარად დაცვას, რომ აქციონერი, დაზარალებული, მომჩივანი, მოსარჩელე არ არსებობს“, - აღნიშნა აგიკიანმა.
შეგახსენებთ, TBC ბანკმა ეროვნულ ბანკთან დავა შეწყვიტა და მარეგულირებლის მიერ დაკისრებულ ჯარიმას - 1 მლნ ლარს გადაიხდის.

„გამომდინარე იქიდან, რომ „თიბისი ბანკი“ ითვალისწინებს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯისთვის შესაძლო ზიანს და პატივს სცემს ეროვნული ბანკის, როგორც კვალიფიციური რეგულატორის როლს და მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის ბოლო გადაწყვეტილებები გასაჩივრებული იქნა სასამართლოში, თიბისი ბანკი აცხადებს, რომ განახორციელებს სააქციო საზოგადოება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს რესტრუქტურიზაციას იმდაგვარად, რომ ბანკის დამფუძნებელი აქციონერები არ იქნებიან წარმოდგენილი ს/ს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში. ისინი ინარჩუნებენ TBC Bank Group PLC (თიბისი ბანკის 100% იანი აქციონერი ლონდონში) დირექტორთა საბჭოში, თავჯდომარის და მოადგილის პოზიციებს. თიბისი ბანკი წყვეტს სასამართლო დავებს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ და გადაიხდის ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს. ამასთან, თიბისი ბანკი, ეროვნულ ბანკთან ერთად, აგრძელებს მუშაობას კორპორაციული მართვის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე. თიბისი ბანკის კორპორაციული მართვის თემაზე მესამე პირების მხრიდან კითხვების გამორიცხვის მიზნით, თიბისი PLC ჯგუფი მოახდენს ინტერესთა კონფლიქტის ტრანზაქციების, პროცედურების და მართვის პრაქტიკის შესწავლას საერთაშორისო რეპუტაციული კომპანიის მიერ“, - ნათქვამია თიბისი ბანკის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები