მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იურისტის განმარტებით, "იმედის ბანკის" ლიცენზირება ეროვნული ბანკის სანქცირების რისკს შეიცავს|ინტერვიუ

ეკატერინე ეგუტია

ნიუ-იორკში რეგისტრირებული იურიდიული ფირმა IK Law Office-ის თანადამფუძნებელი იურისტ ეკატერინე ეგუტია ვარაუდობს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი „იმედის ბანკზე“ ლიცენზიას არ გასცემს.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც ინტერვიუს მთავარი თემა იყო დიდი ბრიტანეთის მიერ ორი პროსახელისუფლებო ტელევიზიის - "პოსტივის" და იმედის დასანქცირება და ამ უკანასკელის ანონსი, რომ რამდენიმე თვეში „იმედის“ ახალი მფლობელები ტელეკომპანიის ერთგული მეგობრებისა და სპონსორების ფინანსური მხარდაჭერით, საკუთარ ბანკს შექმნიან.

ეკატერინე ეგუტია, რომელიც 2015-2018 წლებში ის "თიბისი ბანკში" მთავარი იურისტის პოზიციას იკავებდა, ამბობს, რომ სებ-ის მხრიდან „იმედის ბანკზე“ ლიცენზიის გაცემა სანქცირებული პირის მიერ დიდი ბრიტანეთის სანქციებისთვის გვერდის ავლაში დახმარება იქნება, რაც მარეგულირებლის დასანქცირების რისკსაც ქმნის. ამასთან, მისი აზრით, აღნიშნულ ქართულ საფინანსო სექტორსაც დიდ რეპუტაციულ ზიანს მიაყენებს.

აღსანიშნავია, რომ თავად ეროვნული ბანკის განმარტებით, თუ [იმედის ბანკის] შექმნაზე სრულყოფილი წერილობითი მომართვა შევა, განაცხადს კანონით დადგენილ ვადებში განიხილავენ.

- ეროვნული ბანკიც აცხადებს, რომ განვიხილავთ [განაცხადსო]... მეც რომ შევიტანო განაცხადი, ეროვნული ბანკი ვალდებულია, განიხილოს, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად დააკმაყოფილებს მას. იმიტომ, რომ გარდა იმისა, თუ რა მოთხოვნები აქვს ბანკის ლიცენზირების განმცხადებელს, იქ არის მოთხოვნა მფლობელებისა და, განსაკუთრებით, ბენეფიციარი მფლობელების შესახებ სრული ინფორმაციის წარდგენაზე. ეს პირები არ უნდა იყვნენ სანქცირებულნი ან რაიმე კუთხით დაკავშირებულნი დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის ან ევროპული სტრუქტურების სანქციების სიებთან. ასეთ პირზე, არა მგონია, ეროვნულმა ბანკმა ლიცენზია გასცეს.

- დავუშვათ, მოძებნეს შედარებით „სუფთა“, მაგრამ როგორც ფინანსისტმა ნიკა შურღაიამ თქვა წინა „წერტილში“, „ვერცხლისმოყვარე ადამიანები“, რომლებიც წავიდნენ ამ რისკზე...

- ანუ ის პირი უნდა იყოს ვინმე ისეთი, ვინც არ არის დასანქცირებული ან დაკავშირებული... „იმედის“ ჰოლდინგი და ა.შ. ვერ იქნება დამფუძნებელი, რადგან სანქცირებული პირია და, რაკი ამ სიაშია, მით უმეტეს, საფინანსო დაწესებულებას ვერ დააფუძნებს. ან მიიღებს მხოლოდ რაღაც ვიწრო შესაძლებლობას ლარში გადარიცხვებისთვის. აი, რუსეთში ყველა ბანკი სანქცირებულია, „სვიფტი“ (SWIFT) გათიშული აქვთ და დოლარში ვერანაირ საერთაშორისო ტრანზაქციას ვერ ახორციელებენ, მაგრამ ქვეყნის შიგნით აქვთ თავისი „სვიფტი“, ასე ვთქვათ - რუბლებში გადარიცხვა, იქ ნაღდი ფულითაც მოძრაობს თანხები და შიდა გადარიცხვის სისტემაც არსებობს. აქაც შესაძლებელია მსგავსი რამ, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა დავსანქცირდებით და სხვა ბანკებსაც არ ექნებათ სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ შიგნით, ლარში, ურთიერთგარიგებების საფუძველზე მოახდინონ კონვერტაციები. ეს არ არის ნორმალური პერსპექტივა საქართველოში მოქმედი არცერთი ბანკისთვის, მათ შორის ლონდონის ბირჟაზე დალისტული ბანკებისთვის - მათთვის ეს რისკი უმაღლესი დონისაა და საერთოდ არც ანგარიშებს გაუხსნიან...

- ფაქტობრივად, კომერციულ ბანკებს არაფერი უთქვამთ, მაგრამ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ არცერთმა მათგანმა, მათ შორის არც „ლიბერთი ბანკმა“ და არც „ქართუმ“, როგორც ჩანს, არ ისურვა თანამშრომლობა...

- ანუ საქმე ის კი არ არის, რომ „თიბისიმ“ ან „საქართველოს ბანკმა“ არ ისურვეს, არამედ არსებობს კონკრეტული რეგულაციები, რომლებსაც უნდა დაემორჩილო. ერთ სანქცირებულ კომპანიასთან გარიგებით ან მასთან ტრანზაქციების განხორციელებით, უდიდესი რისკის ქვეშ დგება ბანკის რეპუტაცია და საერთაშორისო დონეზე გადარიცხვების უფლებამოსილება. ჩვენ გვაქვს ორი შუამავალი ბანკი დოლარსა და ევროში - „დოიჩე ბანკი“ და „სიტი ბანკი“, სადაც გადარიცხვებს ვაწარმოებთ. ერთ-ერთმა მათგანმაც რომ ჩახსნას გადარიცხვა და ეს აეკრძალოს ბანკს (მათ შორის „ქართუს“, „ლიბერთის“ ან სხვა მცირე ბანკებს), რისკი იმდენად დიდია ამ ერთ კლიენტზე მომსახურების გამო, რომ არცერთ ბანკს, თუნდაც მცირე ზომისას, არ უღირს სრული დასანქცირება.

- დიახ, ყველას აქვს მოლოდინი, რომ ქართული ბანკები არ წავლენ ამ რისკზე, მაგრამ მოუწევს თუ არა რისკზე წასვლა ეროვნულ ბანკს? მან კანონის ენით გვიპასუხა, რომ „განვიხილავთ განაცხადსო“, მაგრამ საერთოდ უნდა განიხილოს თუ არა ასეთი ჰოლდინგის მფლობელების ან მათი მხარდამჭერების განაცხადი, რაც უნდა „გაწიკწიკებული“ იყოს დოკუმენტაცია, როცა საჯაროდ ცნობილია, რომ ეს ბანკი ბრიტანული სანქციებისთვის თავის ასარიდებლად იქმნება?

- წესით, უნდა განიხილოს და უარყოს ასეთი განაცხადი; თანაც თუ კანონის ენით გვესაუბრება [ეროვნული ბანკის მენეჯმენტი], მაშინ წესიერად ისწავლოს ეს ენა და ისე უპასუხოს ხალხს. [როცა ამბობენ] „კონსტიტუცია ყველაზე მაღალი და ზემდგომი საკანონმდებლო აქტია“, დიახ, ასეა მაგრამ იქ არ წერია, რომ სანქცირებულ პირებს უნდა დაეხმარო და სანქციებს გვერდი აუარო. პირიქით, „კანონი კომერციული ბანკების შესახებ“ არეგულირებს ამას და კანონის მიხედვით, ბანკებს აქვთ უარის თქმის უფლება. საერთოდ, ახსნა-განმარტების გარეშეც შეუძლიათ დაგიხურონ ანგარიში, რადგან ისინი საერთაშორისო სისტემაში არიან ჩართულნი და ეს სისტემაა მათთვის „გაიდლაინი“, თუ როგორ იმოქმედონ კლიენტებთან მიმართებით. უნდა იცოდე, ვინ არის შენი კლიენტი - ამას KYC (Know Your Customer) ჰქვია - როდესაც შენი კლიენტი სანქცირებული პირია ან მასთან დაკავშირებული, მასთან ტრანზაქცია არ გინდა. გარდა ამისა, ეროვნულ ბანკს აქვს კორპორაციული მართვის მოთხოვნები და სტრუქტურა, სადაც გაწერილია, რა დოკუმენტაციები უნდა ჰქონდეს განმცხადებელს. მაგალითად: ბენეფიციარი მფლობელი უნდა იყოს „სუფთა“, გამჭვირვალე და არ უნდა იყოს სანქცირებული ან სანქციების არიდებასთან დაკავშირებული. ასევე, უნდა გამოიკვლიოს საწესდებო კაპიტალის (50 მილიონი ლარის) წარმომავლობა. მარეგულირებელმა არ უნდა დაუშვას, რომ სანქცირებულმა ან მასთან დაკავშირებულმა პირმა, ვინც სანქციების არიდებას ხელს უწყობს, დააფუძნოს [ბანკი]. ადრე ყოფილა შემთხვევები, როცა ბევრს ეთქვა უარი ლიცენზიაზე (მაგალითად, ერთ-ერთ ჩინურ ბანკს), უბრალოდ იმიტომ, რომ გამჭვირვალობა აკლდათ.

- ვიცით რა, საქართველოში ინსტიტუციების დამოუკიდებელობის ხარისხი და ასევე, გვახსოვს ნათია თურნავას ე.წ. „საგამონაკლისო ბრძანება“, რომელიც ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ გამოსცა... ახლაც რომ იხელმძღვანელოს სებ-ის პრეზიდენტმა კანონის ძალიან ვიწრო ინტერპრეტაციით და მისცეს ლიცენზია „იმედის ბანკს“ - რა რისკების წინაშე დააყენებს ეს მთლიანად ქართულ საფინანსო სისტემას და რამდენად არსებობს თავად ეროვნული ბანკის სანქცირების რისკი?

- დიახ, [ეროვნული ბანკის სანქცირების] რისკი არსებობს. მე მგონია, რომ ეროვნული ბანკი ასეთ რამეს არ იზამს, რადგან საფინანსო სისტემა არ არის მხოლოდ ლოკალური გარიგებების სისტემა. ეს არ არის „ჯიხური“; ეს არის საერთაშორისო ტრანზაქციებში ჩართული ინსტიტუტების ერთობლიობა, სადაც ოპერირება საერთაშორისო ვალუტაში უმნიშვნელოვანესია. თუ ეროვნული ბანკი გასცემს ლიცენზიას, პრაქტიკაში ამ ბანკს მაინც „ჯიხურული“ მდგომარეობა ექნება და მხოლოდ ეროვნული ვალუტით შემოიფარგლება, თუმცა თუ სანქცირებულ პირზე გასცემს ლიცენზიას, არსებობს თავად მარეგულირებლის დასანქცირების რისკიც. მაგალითად, ბელარუსის ყველა სტრუქტურა დასანქცირებულია - არა მხოლოდ კერძო პირები, არამედ თავად სახელმწიფო. სახელმწიფოს დასანქცირების საფრთხე რეალურია, თუ ასეთ თვითნებობაში გადავა. ეტყობა, ოთარ ფარცხალაძის შემთხვევა ერთჯერადად „გაუტარეს“, რადგან მან მალევე დახურა ანგარიშები, გადააფორმა აქტივები და დაასრულა ტრანზაქციები საქართველოში... მაგრამ სანქცირებულ პირს მისცე უფლება, ჰქონდეს საფინანსო ინსტიტუტის სტატუსი და აწარმოოს საბანკო გადარიცხვები (თუნდაც მხოლოდ ლარში ან რუბლში), წარმოუდგენელია და ეს ქვეყნისთვის უდიდესი ზიანის მომტანი რისკია.

- ქართული ბანკებისთვისაც, მიუხედავად იმისა, ითანამშრომლებენ თუ არა „იმედის“ ბანკთან?

- დიახ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ ითანამშრომლებენ. ისინი საქართველოში ოპერირებადი ბანკები არიან და ინვესტორი ყოველთვის უყურებს ქვეყნის სტაბილურობას, „ფიჩის“ (Fitch) და სხვა სარეიტინგო სააგენტოების შეფასებებს... და თუ უცებ სანქცირებული მარეგულირებელი გყავს, ეს სავალალოა. ეს არცერთ ბანკს არ სურს და არც მთავრობას უნდა სურდეს, რადგან ეს გამოიწვევს საფინანსო კატასტროფას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები