მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იუსტიციის სამინისტრო: კომერციული პალატების შესახებ კანონპროექტზე მუშაობა შეჩერებულია

5d51755ecb6a1
თელარა გელანტია
12.08.19 18:20
1326
საერთო სასამართლოებში ბიზნეს დავებისთვის სპეციალიზებული კომერციული პალატების შექმნაზე საუბარი ჯერ კიდევ 2016 წლიდან დაიწყო.

სპეციალიზებული პალატის შექმნის პროცესს კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეგიდით იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობს.

უწყებას კომერციული კოლეგიების შექმნისათვის საჭირო საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტისთვის ჯერ კიდევ 2017 წლის პირველ ნახევარში უნდა წარედგინა, 2018 წლის სექტემბერში იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოს წლის ბოლომდე წარედგინებოდა, თუმცა 2019 წელია და სპეციალიზებული კომერციული და საგადასახადო პალატის შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ დასრულებული არ არის.

მეტიც, როგორც უწყებაში განგვიცხადეს, კომერციული პალატების შესახებ კონცეფცია არსებობს, თუმცა სამუშაო პროცესი შეჩერებულია. მიზეზებზე წულუკიანის უწყებაში ამ ეტაპზე არ საუბრობენ, შესაბამისად უცნობია რა დრომდე გადაიდო საერთო სასამართლოებში კომერციული დავების განმხილველი სპეციალიზაციის ინსტიტუტის შექმნა.

„საერთო სასამართლოების სისტემაში შეიქმნება კომერციული კოლეგიები/პალატები, რომლებიც სპეციალიზებული იქნებიან კომერციული დავების სწრაფად და ეფექტურად განხილვასა და გადაწყვეტაში. რეფორმის შედეგად გაიზრდება მართლმსაჯულების სისწრაფე და ხარისხი კომერციული დავების მოგვარების საქმეში, რამაც, თავის მხრივ, ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში საინვესტიციო კლიმატის მკვეთრად გაუმჯობესებას, ინვესტიციების, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციციების, მოცულობის ზრდას და, აქედან გამომდინარე, ეკონომიკისა და მისი ზრდის ტემპის შემდგომ ამაღლებას. გარდა ამისა, რეფორმის მეორე მნიშვნელოვანი შედეგი იქნება სამოქალაქო სასამართლოების განტვირთვა და საქმეთა დაგროვილი მოცულობის შემცირება”,- ეს განცხადება იუსტიციის სამინისტროში გასული წლის სექტემბერში გაკეთდა, მანამდე, ივლისში კი პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში განაცხადა, რომ შესაბამისი ცვლილებების პროექტი უკვე მზად იყო.

იურიდიული კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელის, ეკა ბესელიას მიერ bm.ge-თან გასულ წელს გაკეთებული განცხადებით, რეფორმის ფარგლებში იგეგმებოდა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და პროცესში უკვე ჩართულები იყვნენ ბრიტანელი ექსპერტები.

გვსურს, ყველა წუხილს, რომელიც გარკვეულ ჯგუფებს აქვს, კარგი რეფორმით ვუპასუხოთ"-აცხადებდა ბესელია, თუმცა როგორც პარლამენტარი დღეს გვეუბნება, მისთვისაც უცნობია, რა მიზეზით შეჩერდა კანონპროექტზე მუშაობა.

პროცესების შეჩერების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ არც საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში.

შეგახსენებთ, 1 აგვისტოდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიაში 500,000 ლარს ზევით დავის საგნის მქონე საინვესტიციო და კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაცია ამოქმედდა, თუმცა ეს არ არის იმ რეფორმის ნაწილი, რაც სპეციალიზებული კომერციული პალატების შექმნას გულისხმობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები