იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატთაგან ე.წ. კვალიფიციური უმრავლესობით არჩეულია 3 არამოსამართლე წევრი - ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი.
საქმე ის არის, რომ კენჭისყრა ფარული იყო: ტრისტან ბენაშვილმა 93 ხმა აიღო, გიორგი გზობავამ - 91 და ზურაბ გურასპაშვილმა - 93.
აქვე აღსანიშნავია, რომ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 84 დეპუტატი ჰყავს, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ასარჩევად 90 ხმა სჭირდებოდათ, აღმოჩნდა, რომ კენჭისყრა ფარული იყო და ოპოზიციის ხუთმა წარმომადგენელმა „ქართული ოცნების“ კანდიდატებს დაუჭირა მხარი.
ხაზი უნდა გაესვას, რომ ოპოზიციის ნაწილმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ საბოტაჟი უწოდა.
„ეს არის საბოტაჟი რასაც პარლამენტში ვხედავთ, თუ როგორ ხდება ჩაშლა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის“, - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ და ოპოზიციას თავისი პასუხისმგებლობის დაფიქრებაზე მოუწოდა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, მოსახლეობას აუხსნას, თუ რატომ დაუჭირეს მხარი „ქართული ოცნების“ კანდიდატებს.
„მიუხედავად იმისა, რომ კენჭისყრა ფარულია, ოპოზიციის წარმომადგენლები ვალდებულნი არიან აუხსნან საზოგადოებას, რატომ დაუჭირეს მხარი 3 არამოსამართლე წევრს და რის ფასად?
მინდა იცოდეთ, რომ ეს 3 ახალი წევრი ვერაფერს შეცვლის, ე.წ. კლანს ისედაც აქვს გარანტირებული 10 ხმა.
ამ გადაწყვეტილებით მიღწეული იქნა ის შედეგი, რომ ხელი არ შეეშლება არც კლანს და არც ქართულ ოცნებას.
და კიდევ ის შედეგი, რომ კიდევ ერთხელ გაგვიცრუვდა იმედი. მადლობა ამ გარიგებაში მონაწილე პირებს, "ფასდაუდებელი" საქმე გააკეთეთ საქართველოს მართლმსაჯულებისთვის“, - აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის ადგილი იყო ვაკანტური. დარჩენილ 2 ვაკანტურ ადგილზე კანდიდატის არჩევასთან დაკავშირებით მეორე ტური გაიმართება.
კენჭისყრის შედეგად, რუსუდან კვინიკაძემ 89, გოგა კიკილაშვილმა 89, ლევან ნემსაძემ 88 და ნინო ნიშნიანიძემ 87 ხმა მიიღო. პარლამენტი კენჭისყრის საფუძველზე სწორედ ამ კანდიდატებიდან შეარჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დანარჩენ 2 წევრს.

























