მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იუსტიციის სამინისტრომ პატიმართა კვებისთვის ₾192-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა

ციხე

იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 2026-2028 წლებში პატიმრების კვებისთვის 192 მილიონი ლარის ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი ორი ნაწილისგან შედგება, ერთია აღმოსავლეთ საქართველოში განთავსებულ საპატიმრო დაწესებულებებში - N5, N6, N8, N10, N11, N12, N15, N16, N17 და N18 პენიტენციურ დაწესებულებებში კვების სერვისის მიწოდება, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 145.7 მილიონი ლარია, ხოლო მეორეა ტენდერი დასავლეთ საქართველოში განთავსებულ N1, N2, N3 და N14 პენიტენციურ დაწესებულებებში კვების სერვისის მიწოდება, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 46.6 მილიონი ლარია.

სატენდერო მოთხოვნების თანახმად, პრეტენდენტს 2023, 2024 და 2025 წლებში უნდა გააჩნდეს მრავალფეროვანი კერძებით უზრუნველყოფილი კვების მომსახურების გაწევის გამოცდილება (მომსახურების სფეროები: რესტორანი, სწრაფი კვების ობიექტი, სასადილო ან მსგავსი ტიპის ობიექტები, ქეითერინგ სერვისი, საკვებით მობილური მომსახურება) 5,000,000.00 (ხუთი მილიონი) ლარის ოდენობით.

გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება თითოეული ციხის სასადილოში დაასაქმოს არანაკლებ 5 მსჯავრდებული, ხოლო ციხის საცხობში არანაკლებ 10 მსჯავრდებული. განსაზღვრულია, რომ მსჯავრდებულთა ანაზღაურება 800 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს.

გამოქვეყნებულ ტენდერს თან ახლავს მენიუც, რომლის ფარგლებშიც მიმწოდებელმა პატიმრების კვება უნდა უზრუნველყოს.

კომპანიებს ტენდერში საკუთარი წინადადების წარდგენა 22 დეკემბრამდე შეეძლებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები