IV კვარტალში აგროპროდუქცია როგორც წლიურად, ასევე წინა კვარტალთან შედარებით გაძვირდა.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი IV კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 14%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით 21.6%-ით გაიზარდა.
საქსტატში განმარტავენ, რომ კვარტალურ ჭრილში ინდექსის ზრდა, ძირითადად, ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 22.6%-იანი მატებით იყო განპირობებული, რამაც 12.82 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
წლიურად კი ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო ცოცხალი ცხოველების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ღირებულების 28.6%-იანი მატებით, რაც 16.5 პპ-ით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ერთწლოვანი კულტურების ღირებულება 16.4%-ით, ხოლო მრავალწლოვანი კულტურების ღირებულება 8.3%-ით გაიზარდა, რამაც, შესაბამისად, 3.23 და 1.87 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი წარმოადგენს საანგარიშო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით სასოფლო მეურნეობების მიერ წარმოებული და რეალიზებული პროდუქციის ფასების საშუალო დონის ცვლილებას საბაზო პერიოდთან შედარებით. ინდექსი მოიცავს შემდეგ პროდუქტებს:
- ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურები (ხორბალი, სიმინდი, მზესუმზირა, კარტოფილი და სხვ.);
- მრავალწლოვანი კულტურები (ყურძენი, ხილი, თხილი, კაკალი და სხვ.);
- ცოცხალი ცხოველები და ცხოველური წარმოშობის პროდუქტები (მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი, თაფლი, რძე და სხვ.).




























