მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივა ჭყონია: ჩრდილოეთ კორეის მოდელზე გადავდივართ - ანტიკორუფციული ბიურო VS "აირჩიე ევროპა"

ივა ჭყონია

ანტიკორუფციულმა ბიურომ სამოქალაქო მოძრაობა „აირჩიე ევროპის“ ფინანსური შემოწმების პროცესი დაიწყო. 6 სექტემბერს, ბიურომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებლების შესახებ ფინანსური ინფორმაციის მიღების უფლება მოითხოვა.

მოთხოვნა, მოსამართლემ იმავე დღეს, მოსმენის გარეშე დააკმაყოფილა და ბიუროს დართო უფლება ბანკებს მოსთხოვოს ინფორმაცია სამოქალაქო მოძრაობისა და მისი დამფუძნებლების შესახებ. ანუ, კანონი პარტიების შესახებ გავრცელდა არა მხოლოდ სამოქალაქო მოძრაობაზე, არამედ ფზიკურ პირებსა და მათ პირად საბანკო ინფორმაციაზე.

მოძრაობის თანადამფუძნებელი, ივა ჭყონია BMGtv-ის გადაცემაში "ანალიტიკა" ამბობს, რომ ეს არის საშიში პრეცედენტი, რომელიც საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის არსებობას უქმნის საფრთხეს.

"ჩრდილოეთ კორეის მოდელზე გადავდივართ, იმიტომ რომ ხალხის დაშინება უნდათ და უნდათ აჩვენონ, როგორ შეუძლიათ შეეხონ ნებისმიერ ფიზიკურ პირს, თუ მისი მოსაზრება არ მოეწონათ.

ჩემი დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ წლებია ცნობილია. სხვა სტატუსით (დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი) გამოვდიოდი და ვსაუბრობდი, გაწელილი სასამართლო პროცესები რა დამაზიანებელი იყო ბიზნესისთვის. საინტერესოა, რომ აქ დღეებში ხდება ყველაფერი, როგორც კი ფიზიკური პირების მიმართ უკანონობის დაკანონება მოინდომეს, დღეებში ჰქონდათ წვდომა ჩვენს ანგარიშებზე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო, ალბათ, "რუსულ კანონზე" უფრო სახიფათო თემაა.

ვწუხვარ, მაგრამ არ ვიცი, როცა საკანონმდებლო ორგანოში ამის განხილვა ხდებოდა ოპოზიცია სად იყო, ან ჩუმად რატომ იყო. ფაქტია, მისცეს საშუალება, ნებისმიერ ფიზიკურ პირს, ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც არჩევნებში იღებს მონაწილეობას შეუძლია საკუთარი აზრი გამოხატოს, მაგრამ ამავდროულად, სახელმწიფო მანქანა მისი პირადი ცხოვრებით დაინტერესდება. მერწმუნეთ, ეს არ არის იმაზე ნაკლები, რის გამოც ყოფილ მმართველ პარტიას ხელისუფლების გადაბარება მოუწია. ეს არის ძალიან სახიფათო და იმის დასაწყისი, რაც ჩვენი, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის დასასრული იქნება", - განაცხადა ივა ჭყონიამ "ანალიტიკაში".

საგულისხმოა, რომ მოძრაობა ივლისში დაფუძნდა, ანტიკორუფციულ ბიუროს კი, შემოწმების უფლება იანვრიდან მიეცა.

ანტიკორუფციული ბიუროს მანდატს განეკუთვნება:

  • მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პოლიტიკური პარტიის),
  • საარჩევნო სუბიექტისა და
  • გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი და ამ სფეროსთან დაკავშირებული სხვა სათანადო ღონისძიებები.

არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმში "აირჩიე ევროპა" არ ჯდება, თუმცა ბიუროს არგუმენტია, რომ მოძრაობა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგაა შექმნილი. შესაბამისად, მას პოლიტიკური განზრახვა აქვს.

„აირჩიე ევროპა“ აცხადებდა, რომ 26 ოქტომბრამდე შეეცდებოდა არჩევნებზე პროდასავლური ამომრჩევლის მაქსიმალურ მობილიზებას. „კამპანიის სახელწოდება იქნება 100 დღე გამარჯვებამდე, რაშიც ჩართული იქნება საქართველოსა და მთელ მსოფლიოში მცხოვრები ქართველები“, – თქვა მოძრაობის თანადამფუძნებელმა ხათუნა ლაგაზიძემ პრეზენტაციაზე. სამოქალაქო მოძრაობის დაფუძნების ცერემონიაზე დამსწრეებს მიმართეს რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ, მუსიკოსმა ნიკოლოზ რაჭველმა, მხატვარმა გოგი-ალექსი მესხიშვილმა, ქორეოგრაფმა ნინო სუხიშვილმა, რეჟისორმა ლევან წულაძემ, მუსიკოსმა ნინო ქათამაძემ და სხვებმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები