“ჩვენ ადგილობრივ ბაზარზე სესხის აღებისკენ უფრო მდგრადი და გაბედული ნაბიჯებით უნდა წავიდეთ,”- განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა. დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ვალის მართვის სტრატეგიის შესახებ იმსჯელეს. ახალი დოკუმენტი 2019-2021 წლების განმავლობაში ფისკალური სექტორისთვის სამოქმედო გეგმა იქნება, რომელშიც განსაზღვრული იქნება თუ რა ტიპის და რა მოცულობის ვალი უნდა აიღოს სახელმწიფომ.
ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის თქმით, ვალის მართვის განახლებულ სტრატეგიაში გათვალისწინებული იქნება ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების შესაძლებლობები. მინისტრი ასევე ამბობს, რომ იმისთვის, რათა საქართველოს სახელმწიფო ვალი ნაკლებ რისკიანად ითვლებოდეს, უნდა შეიცვალოს ვალის კომპოზიცია და მასში შიდა ვალის წილი უნდა გაიზარდოს.
“სტრატეგია შევიმუშავეთ, 2019-2021 წლების სტრატეგიაა და მიზანი არის, რომ ოპტიმალურად ვმართოთ სახელმწიფოს ვალი, მაქსიმალურად ოპტომალური კომპოზიცია იყოს ამ ვალის. გავაკეთოთ ნაწილობრივი ლარიზაცია, გვქონდეს სტრატეგია დონორებთან ურთიერთობისთვის, ამასთანავე, მეორე მთავარი დანიშნულება არის ის რომ ადგილობრივი კაპიტალის ბაზარი განვავითაროთ.
როგორც იცით მთავრობის ფასიანი ქაღალდები განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს ამ ბაზრის განვითარებაზე, საბოლოო ჯამში ჩვენ გვინდა, რომ ზოგადად კაპიტალის ბაზარი განვითარდეს. მაგრამ რადგან მთავრობა საწყის ეაპზე მაინც ყველაზე დიდი გამომშვები იქნება, ესეც გვინდა, რომ დავაინკორპორიროთ მაქსიმალურად ამ კონცეფციაში.
ვალის ლარიზაცია არის მნიშვნელოვანი, სხვათაშორის სავალუტო რისკების გაანალიზების დროს, მთლიან ვალში 60%-ს თუ აღემატება უცხოურ ვალუტაში ნომინირებული ვალი ეს უკვე რისკიანად ითვლება. ჩვენ გვინდა, რომ ნელ-ნელა, ნაბიჯ ნაბიჯ ეს ნაწილიც შევამციროთ. თუმცა, აქაც ფრთხილად უნდა ვიყოთ, ასე ხელაღებითაც ვერ ვიტყვით, რომ შიდა ვალი არის უკეთესი, აქაც ფრთხილად გავივლით, იმიტომ რომ ე.წ. “ქრაუდინგ აუთის” ეფექტრი (crowding out) არ მოხდეს, ანუ ჩვენ ბაზარზე არ უნდა შევიდეთ და კერძო სექტორს არ უნდა შევეცილოთ სესხების მოპოვებაში, თუმცა მე მგონია, რომ დიდი ხანი ჩვენ კიდევ შორს ვართ ამ ეფექტისგან. ჩვენ ადგილობრივ ბაზარზე სესხის აღებისკენ უფრო მდგრადი და გაბედული ნაბიჯებით უნდა წავიდეთ. თუმცა ეს არ იქნება მხოლოდ შიდა ვალის მიმართულება. სტრატეგია მოიცცავს როგორც შიდა ასევე საგარეო ვალს. ლარში გვინდა გამოშვება, შეიძლება ეს უცხოეთშიც მოხდეს მაგრამ იყოს ლარში ნომინირებული,”- ამბობს ივანე მაჭავარიანი.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის იანვრის მდგომარეობით, ცენტრალური მთავრობის ვალი $5,466,659,000 დოლარს, ანუ 14,513,981,000 ლარს შეადგენს. საქართველოს მთავრობას საგარეო კრედიტორებიდან ყველაზე მეტი - $1.9 მილიარდი მსოფლიო ბანკისთვის მართებს. შიდა ვალის მოცულობა კი 3,221,368,000 ლარია. ჯამში საქართველოს ცენტრალური მთავრობის ვალის მოცულობაა 17.7 მილიარდი ლარი.
შიდა ვალი არის ის თანხა, რასაც მთავრობა სახაზინო ობლიგაციებისა და სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით კომერციული ბანკებიდან და საინვესტიციო ინსტიტუტებიდან მოიზიდავს. მთავრობა ამ ვალს 1, 2, 5 და 10-წლიანი ფასიანი ქაღალდების გამოშვებით იღებს.
შიდა ვალი სამთავრობო ხარჯების დაფინანსების მნიშვნელოვან წყაროდ ბოლო წლების განმავლობაში იქცა. მთავრობამ მაქსიმალური 570 - 570 მილიონის მოცულობის შიდა ვალი 2014-2015 წლებში აიღო. 2017-2018 წლებში შიდა ვალი 400 - 400 მილიონ ლარს შეადგენდა.
2019 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა 500 მილიონი ლარის შიდა ვალის აღებას გეგმავს.

























