"თავისუფლება ყოველთვის იყო ჩვენი ისტორიის განმსაზღვრელი ფასეულობა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა სტეფანწმინდაში, „ყაზბეგის" საბაჟო გამშვებ პუნტზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
"დღეს, ყველა ერთად ქართული სახელმწიფოს უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს - დამოუკიდებლობის დღეს ვზეიმობთ. გულითადად გილოცავთ ამ დღეს. ვულოცავ ჩვენს თანამემამულეებს საქართველოსა თუ უცხოეთში; მივესალმები და ვულოცავ ჩვენს ოს და აფხაზ თანამოქალაქეებს, ამ მიწაზე მცხოვრებ ყველა ხალხს. მივესალმები უცხოელ მეგობრებს, პირველ რიგში, ჩვენს დღევანდელ სტუმრებს. მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების მუდმივი თანადგომა ჩვენთვის ძალზე ძვირფასია. ამ დღეს მადლიერების გრძნობით ვიხსენებთ წინაპრებს, ვინც თაობიდან თაობას გადასცემდა თავისუფლების სიყვარულს; ქედს ვიხრით მათ წინაშე, ვინც საკუთარი სიცოცხლე მსხვერპლად გაიღო სამშობლოსთვის. ჩემთვის და სამინისტროს თითოეული თანამშრომლისთვის დიდი პატივია, რომ 26 მაისს სწორედ აქ, თქვენთან ერთად ვხვდებით და ქართული სახელმწიფოს სახელით გმასპინძლობთ", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
სიტყვით გამოსვლისას, მან ისაუბრა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე და აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენით, ქვეყანამ საბოლოოდ მოიპოვა შანსი გააგრძელოს ისტორიული გზა, რომელიც ევროპულ ოჯახში დაბრუნებას უკავშრდება.
"თავისუფლების იდეალი შთააგონებდა ქართული კულტურის უდიდეს მოღვაწეებს, მათ შორის, ამ მიწის საამაყო შვილს, დიდ ალექსანდრე ყაზბეგს, ვისთვისაც, „თავისუფლება ყველაზედ უმაღლესი ჯილდო არის". მეოთხედი საუკუნის წინ საბჭოთა კავშირისგან გათავისუფლებით ჩვენ ხელახლა და საბოლოოდ მოვიპოვეთ შანსი, რომ გავაგრძელოთ ეს ისტორიული გზა, გავხდეთ თავისუფალ ადამიანთა თავისუფალი ქვეყანა, რათა ჩვენი ისტორიისა და კულტურის საკადრისი ადგილი დავიმკვიდროთ ევროპულ თავისუფალ ერთა თანამეგობრობაში. მოხარული ვართ, რომ საშუალება გვაქვს აქ წარმოდგენილი პროექტებით გაგიზიაროთ ცოდნა ამ ისტორიისა და კულტურის შესახებ; ნება მომეცით მადლობა გადავუხადო ამ პროექტების მონაწილეებსა და ორგანიზატორებს. მადლობას გიხდით ყველას მობრძანებისთვის; კიდევ ერთხელ გილოცავთ და კეთილდღეობას, მშვიდობასა და მუდმივ წინსვლას გისურვებთ თითოეულ თქვენგანს, ჩვენს სამშობლოს", – განაცხადა მინისტრმა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ამ წუთებში "ყაზბეგის" საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

























