ქართული “ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 2012 წელს ხელმეორედ დაიბადა 9 აპრილის სულისკვეთება და უკვე მეშვიდე წელია, ქვეყანას მართავს რაციონალიზმზე დაფუძნებული პოლიტიკა, რომელმაც უწყვეტი საგარეო და სამოქალაქო მშვიდობა მოიტანა, რაც უპრეცედენტოა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.
ამის შესახებ ივანიშვილის წერილშია ნათქვამი, რომელიც მან 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით გამოაქვენა.
“საქართველოს ისტორიას ბევრი ისეთი დღე ახსოვს, რომელმაც ქართველი ერის ბედი განსაზღვრა და ჩვენი ქვეყნის მომავალი გადაწყვიტა. სწორედ ასეთი დღეა 9 აპრილი. დღე, რომელმაც ოცდაათი წლის წინ ახალ ეპოქას მისცა დასაბამი.
საბჭოთა იმპერიის მარწუხებისგან სამშობლოს დახსნა, საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება - ეს იყო ის დიდი ეროვნული იდეა, რომლის გარშემოც გაერთიანდა და ერთ მუშტად შეიკრა მთელი ერი.
1989 წლის 9 აპრილი იყო უმძიმესი, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე, მაგრამ ეს დღე ჩვენთვის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა - მთელი განვლილი ისტორიის მანძილზე შეძენილმა ეროვნულმა ენერგიამ ერთ პატარა მოედანზე მოიყარა თავი და დაღვრილი სისხლის მიუხედავად, ამ უთანასწორო ბრძოლიდან ქართველი ხალხი მორალურად გამარჯვებული გამოვიდა.
ერთადერთი ძალა, რომელმაც მაშინ ჩვენს ხალხს შეაძლებინა შიშველი ხელებით დაპირისპირებოდა საბჭოთა რეჟიმის სისასტიკეს, წინ დადგომოდა საბჭოთა ტანკებს, ეს იყო სამშობლოს უპირობო სიყვარული და შიშველი ემოცია. სწორედ ამ მუხტმა და ემოციამ შეგვაძლებინა, რომ თავისუფლებისთვის შეუპოვარი ბრძოლა რაციონალურ კალაპოტში მოგვექცია და ორი წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს, როგორც ამ ბრძოლის ლოგიკური შედეგი, ზვიად გამსახურდიამ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან, როდესაც სახელმწიფოს მშენებლობას ცივი გონება, მუხლჩაუხრელი შრომა და საზოგადოების მაქსიმალური კონსოლიდაცია სჭირდებოდა, ჩვენს რაციონალიზმზე ემოციამ იმძლავრა და მას შემდეგ, საკუთარ შეცდომებზე გვიხდება სახელმწიფოებრიობის სწავლა:
ჯერ არჩეული ხელისუფლება დავამხეთ და ქვეყანა სისხლიანი სამოქალაქო დაპირისპირების ქაოსში გადავისროლეთ, შემდეგ კრიმინალებს ვაჯიჯგნინეთ სამშობლო, მერე, თითქოს გონს მოსულებმა, ქვეყანას გეოსტრატეგიული ფუნქციაც შევძინეთ და ნატო-ს კარზეც დავაკაკუნეთ, მაგრამ კორუფციასა და უძრაობაში ჩაფლულებმა იმდენი ვქენით, სანამ ემოციურ ტალღაზე შინნაზარდი დიქტატორი არ გამოვიძახეთ, რომელიც რუსთაველის გამზირზე ისევ სისხლში ახშობდა სახალხო პროტესტს.
2012 წლის 9 აპრილს, დამოუკიდებლობის ოცდამეერთე წელს, საქართველო დემოკრატიის ნასახის გარეშე, გადავსებული ციხეებით, ხმაგაკმენდილი მედიით, ოკუპირებული ტერიტორიებითა და აღმოსავლური ტირანიის ისეთი ცინიკური მოდელით შეხვდა, რომელიც ხალხის ჯიბიდან წაგლეჯილი ფულითვე ყიდულობდა დემოკრატიის ნიღაბს შინ თუ გარეთ.
ასეთი იყო ჩვენი სახელმწიფოებრიობის ტრაექტორია - თავდაღმართში სვლის ტეხილი, რომელშიც ძალიან ცოტა იყო დარაზმულობის, შრომისა და ურთიერთ გატანის ადგილი, რომელშიც თითქმის ყველა ისტორიული გარდატეხა სულსწრაფობითა და ემოციით ხდებოდა, რის შედეგადაც ქვეყნის განვითარება ათწლეულებით დავხიეთ უკან.
მიუხედავად ამისა, 2012 წლის პირველ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა შესაძლებლის ზღვარზე გაიარა და წარმოუდგენელი გამარჯვება მოიპოვა. ბევრს არ სჯეროდა, რომ ნგრევის, სამოქალაქო დაპირისპირებისა და არეულობის, ყოველგვარი რევოლუციური სცენარების გარეშე, ჩვენ სამართლებრივ სივრცეში მოვახდენდით ემოციური მუხტისა და რაციონალიზმის იდეალურ შერწყმას, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით - ძალადობრივი რეჟიმი ისე უმტკივნეულოდ, უსისხლოდ მოვიშორეთ თავიდან, რომ თვითონაც ბოლომდე არ იჯერებდნენ მომხდარს. ამ დღეს ხელმეორედ დაიბადა 9 აპრილის სულისკვეთება და უკვე მეშვიდე წელია, ქვეყანას მართავს რაციონალიზმზე დაფუძნებული პოლიტიკა, რომელმაც უწყვეტი საგარეო და სამოქალაქო მშვიდობა მოიტანა, რაც უპრეცედენტოა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში“, - წერს ბიძინა ივანიშვილი.

























