მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანიშვილი: აბასთუმანი გახდება ელექტრომობილების რეგიონი

5bd314ac0ce6d
BM.GE
26.10.18 17:00
1392
ბიძინა ივანიშვილის თქმით, ის აბასთუმნის მოსახლეობისთვის ელექტრომობილების დარიგებაზე ფიქრობს. ოცნების თავმჯდომარე ამბობს, რომ ქვეყანა ასეთ პროექტს "კარგად გააპიარებს". ივანიშვილი ასევე შეეხო მამუკა ბახტაძის მიერ გასულ კვირაში გაკეთებულ პრეზენტაციას და თქვა რომ საქართველოს ავტოპარკის ელექტრომობილებით ჩანაცვლება ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. თუმცა ისევე როგორც მამუკა ბახტაძეს, არც ბიძინა ივანიშვილს არ უთქვამს ამის მისაღწევად მთავრობა რა ნაბიჯებს გადადგამს. მითუმეტეს იმით გათვალისწინებით, რომ დაპირება არა სახელმწიფო სექტორის ავტოპარკის ელექტრომობილებით ჩანაცვლებას, არამედ უშუალოდ მოსახლეობის მიერ საკუთარი ავტომობილების ელექტრომობილებით ჩანაცვლებას ეხება. 

"მინდა კომენტარი გავაკეთო, რაზეც ბრიფინგი გამართა პრემიერმინისტრმა. რომ საქართველო შეიძლება 10 წლის შემდეგ ელექტრომობილების ქვეყანად იქცეს. რომ 90% ჩვენი მანქანების იყოს ელექტრო. დანაგვიანება ჰაერის რაც ჩვენ გვაქვს და გვაქვს ძალიან მძიმე, ამაზე ვთქვათ უარი. და ამის კონცეფცია, ძალიან ინოვაციურია პრემიერი. ეს იყო კიდევ, სანამ გახდებოდა ფინანსთა მინისტრი, მაშინდელი იდეა იყო მისივე. თავში მეც სკეპტიკურად ვუყურებდი აბსოლუტურად კარგი გათვლებია. ესეც საოცარი ბიძგი იქნება ქვეყნის განვითარებისთვის. 

ვისარგებლებ შემთხვევით და იმასაც გეტყვით რომელშიც სამი კვირით ვიყავი წელს. მინდა გაზაფხულზე უკვე ეს ექსპერიმენტი დავიწყო, აბასთუმანი გახდეს მხოლოდ ელექტრომობილების რეგიონი, მე საკუთარი ხარჯებით, სახელმწიფოს არ აქვს ამის საშუალება, იქ ადგილობრივებს დავეხმარები და მოვახერხებ, რომ წელსვე პრეცედენტი შეიქმნას. რომ აბასთუმანში იმოძრავებენ მხოლოდ ელექტრომანქანები და ჩვენ ამას კარგად გავაპიარებთ ტურიზმისთვის, ბევრს ვუყიდი, ბევრს სხვა მხრით დავეხმარები, რომ გამოცვალონ და ახლა ამას ვერ მოვყვები აქ გადაცემაში და აბასთუმანში ამას იქეთ კიდევ ბევრ ძალიან რამეს ვაპირებთ და ვაკეთებთ ხელისუფლებასთან ერთად, და პირადადაც,რომ შევქმნათ პირველი პრეცედენტი, რომ გვაქვს რეგიონი უსუფთავესი. ძალიან არაორდინალურია აბასთუმანი, მსოფლიოში არ არის მსგავსი. 

ამას დაემატება იქ ჩვენი მხრიდან, ობსერვატორიაზეც ზრუნვა მიდის ცალკე, და გაისიდან მე ვაპირებ თუ მოვახერხე, აბა ვნახოთ როგორ გამოვა, რომ ცალკე ვაკეთებთ მანქანების სადგომს დიდს, იქედან ადგილობრივებს ცალკე დავეხმარები. მემგონი მოვახერხებთ,ბევრი ხალხი არ ცხოვრობს აბასთუმანში. 800 ოჯახია სულ. შევქმნათ პრეცედენტი გაისის გაზაფხულიდან. 10 წლის შემდეგ საქართველო,თუ ყველაფერი სწორად განვითარდა, შეიძლება პირველი ქვეყანა იყოს ,რომ ამ დოზით მოვასწროთ მანქანების შეცვლა, ეხლა ისეც უნდა ავუხსნა საზოგადოებას,რომ რა ვართ ჩვენ, ისეთს რას ვაკეთებთ, რომ ვერ ახერხებს გერმანია, ვერ ახერხებს საფრანგეთი. ვერ ახერხებს კი არა არ ახერხებენ, იგივე იაპონია, იმიტომ, რომ მათ აქვთ განვითარებული მრეწველობა მანქანათმშენებლობის, ამის სწრაფად გადასვლა დაანგრევს ინდუსტრიას. ინდუსტრია არ გვაქვს ჩვენ, ზოგი ჭირი მარგებელია,"- ამბობს ბიძინა ივანიშვილი. 

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები