მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ივანიშვილი ჩვენი რკინის გუმბათი არ არის, ომი რომ აგვაცილოს“ – ალექსანდრე მიშველიძე

ანალიტიკა

ნიუ-იორკში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ამერიკის პრეზიდენტის მიღებაზე საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმების შემდეგ, საქართველოს პრემიერის რიტორიკა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ კიდევ უფრო მეტად დამძიმდა. პრემიერის განცხადებებსა თუ კომენტარებში ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვის ნარატივიც მართალია, კონკრეტიკის გარეშე, მაგრამ მაინც გახშირდა. „ანალიტიკა“– მ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტთან ალექსანდრე მიშველიძესთან ერთად გააანალიზა ის, თუ სად გადის ქართული ოცნების ანტი–ამერიკული, ანტი–დასავლური რიტორიკის „კრიტიკული ზღვარი“.

- პრემიერის ვიზიტი გაეროში. ჩვენი, გადასახადების გადამხდელების თანხით დაფინანსებული ვიზიტი – რამდენად იფიქრა პრემიერმა თავისი მოქალაქეების ინტერესებზე?

- უფიქრია ბატონ კობახიძეს მოქალაქეების ინტერესებზე ნამდვილად იმიტომ, რომ მან დაგვამადლა, რომ ეკონომკლასით იმგზავრა თავის შვილებთან ერთად და 10 ათასი ლარი დაგვიზოგა ქვეყნის ბიუჯეტს ანუ ნამდვილად, ნაფიქრია. ეს ნახევრად ხუმრობით, ცხადია. სინამდვილეში არაფერზე არ არის აქ ნაფიქრი, სამწუხაროდ იმიტომ, რომ საშინელ ნულოვან ურთიერთობებთან, გაციებულ ურთიერთობებთან გვაქვს უკვე საქმე – თან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან. 2009 წლის 9 იანვრის შემდეგ, როდესაც ეს სტრატეგიული ხელშეკრულება გაფორმდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მას შემდეგ ასეთ დაბალ ნიშნულზე ეს ურთიერთობები არ ყოფილა და იმედია, აღარც იქნება ერთი თვის შემდეგ. ყოვლად წარმოუდგენელია ჩიხიდან გამოსავლის ძიება – ეს ნამდვილად პოლიტიკის ანალიზს ცდება. ქართული ხელისუფლების ქმედებები არ ექვემდებარება არავითარ ანალიზს. წარმოუდგენელია ამაზე შეფასების გაკეთება. ულტიმატუმს უყენებენ ამერიკის შეერთებულ შტატებს. ითხოვენ გაურკვეველი ნაბიჯების გადადგმას შეერთებული შტატების მხრიდან, როცა ფაქტია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სწორად დაანახა ხელისუფლებას ის პრობლემები, რაც უნდა აღმოიფხვრას, რომ მოხდეს ურთიერთობების ნორმალიზება. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ სტრატეგიული ურთიერთობების ქარტიის ფარგლებში უკვე 5 წელი გახდება, რაც შეხვედრა არ ჩატარებულა. რომელ სტრატეგიულ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ? და ეს სტრატეგიული ურთიერთობები მოიცავს ოთხ მთავარ სფეროს, რაც უმთავრესია – თავდაცვა და უშიშროება, ენერგეტიკა და ეკონომიკა, დემოკრატიული განვითარება და ბოლოს ხალხთა შორის ურთიერთობები. ბოლო შეხვედრა იყო 2020 წელს. საერთოდ კომუნიკაცია არ არსებობს. პირიქით, ხელისუფლება უყენებს ულტიმატუმს ამერიკის შეერთებულ შტატებს. მსგავსი აბსურდი, მსგავსი ნაბიჯები საგარეო პოლიტიკაში მე არ მინახავს, საგარეო პოლიტიკის წარმოებაში საერთოდ მსგავსი უმეცრება არც გამიგია და არც მინახავს.

- ვისი ინტერესები იკვეთება იმ ნაბიჯებში, რაც ფაქტია, რომ იდგმება ხელისუფლების მხრიდან – მათ შორის, გაეროში ვიზიტის დროსაც და ამ ვიზიტის შემდგომ რიტორიკას თუ დავაკვირდებით, ის არანაკლებ მძიმეა, ვიდრე ვიზიტამდე იყო ..

- სამწუხაროდ, ტყუილად არასდროს ხდება რაღაც ინფორმაციის გაჟონვა. ამერიკის ხმამ მოიპოვა ინფორმაცია – ასეთი რამ არ ხდება. მე მაქვს მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება საგარეო უსაფრთხოების საკითხებში და არასოდეს არ ხდება ტყუილად ასეთი ინფორმაციის გაჟონვა, რომ თითქოს, ხელისუფლების ოლიგარქ ივანიშვილს ურთიერთობები აქვს რუსეთის დაზვერვასთან. რომ არ არსებობდეს ამის უტყუარი ფაქტები, ამის დადასტურებული ფაქტები, მსგავსი ინფორმაცია არ გაიჟონებოდა. იგივეა სანქციებთან დაკავშირებით. თქვენ წინა სტუმარს დაუსვით შეკითხვა – სადამდე შეიძლება მივიდეს ეს. თითქოს "მეგობარი აქტის" განხილვა, მოგეხსენებათ, გადაიდო. ეს დამოკლეს მახვილივით ჰკიდია: ქართული ოცნების თითოეული დღე არის დამოკლეს მახვილის ქვეშ, არავინ იცის, რა მოხდება. შესაბამისად, მე მაინც ვფიქრობ, რომ აცდიან არჩევნების ჩატარებას ბატონ ივანიშვილს. არჩევნები უნდა ჩატარდეს ნამდვილად დემოკრატიულ გარემოში, სამართლიან გარემოში, ხოლო თუ არჩევნები გაყალბდება, მაშინ, შესაბამისად, ამოქმედდება ეს მკაცრი სანქციები.

- არჩევნებამდე ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას არ ელოდებით?

- სავარაუდოდ. მე ასე ვფიქრობ. სავარაუდოდ, ასე იქნება იმიტომ, რომ მაინც ფიქრობს ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენ გვახსოვს პლახატნუკის დასანქცირებაზე რამდენ ხანი იფიქრა და პლახატნუკს ისეთი გავლენა არ ჰქონია მოლდოვას ეკონომიკაზე, როგორც აქვს ბატონ ივანიშვილს იმიტომ, რომ ფაქტობრივად მთელ ქვეყანას ფლობს და შეიძლება ეს ჩვენზე ძალიან მძიმედ აისახოს. ეს არის თითოეულ ჩვენგანზე დარტყმა, ჩვენ ვკარგავთ ამ დაფინანსებას. იგივე არის ამერიკის საგარეო ოპერაციების და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების შესახებ კანონპროექტი, სადაც დაფინანსება ყოველწლიურად იზრდებოდა, მაგრამ იქ იდებოდა გარკვეული დათქმები: ის 15%–იანი გრანტი შეიძლება ვერ მიგვეღო იმიტომ, რომ შეიძლება ოლიგარქიული მმართველობა ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის იყო, მაგრამ ასე თვალნათლად, ასე ღიად, რაც მოხდა 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინაში, როცა საქართველოს ხელისუფლებამ მთლიანად ჩამოიხსნა ნიღაბი და გამოაჩინა, რომ ის მოქმედებს არა ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ, მთლიანად რუსული სპეცსამსახურების დაკვეთით – ასეთი რამ აქამდე არ ყოფილა. და ყველაზე ცუდი რაც არის, ვინ არის ჩვენი არაღიარების პოლიტიკის გარანტი – ჩვენი ორი რეგიონის – აფხაზეთის და სამაჩაბლოს არაღიარების პოლიტიკის გარანტი – ამერიკის შეერთებული შტატებია და მსგავსი რიტორიკა, რაც დღესაც კი ჰქონდა პრემიერმინისტრს, როდესაც საერთოდ რუსეთს არ ახსენებენ და სააკაშვილს ადანაშაულებენ ომის დაწყებაში, ე.ი. ქვეყანას, საქართველოს ადანაშაულებენ ომის დაწყებაში. არაღიარების პოლიტიკაზე ეს ძალიან ცუდად იმოქმედებს. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი რიტორიკა ჩვენ – თითოეულ მოქალაქეს და ქვეყანას აზარალებს.

- წინა ბლოკში ბათუ ქუთელიამ ახსენა, რომ ქართული ოცნების გადატვირთვის პოლიტიკის კრიტიკული ზღვარი გადის მოქალაქეების მოთმინების ფიალაზე. რა ტემპით ივსება ეს ფიალა და როგორ ფიქრობთ, შიშის პოლიტიკას, რომელსაც ქართული ოცნება თესავს, აქვს შედეგი?

- არ ვთვლი ნამდვილად. მოქალაქეები უკვე აზროვნებენ და საბჭოთა პროპაგანდისტული რაღაცის გადმოღება ნამდვილად არ მოქმედებს მოქალაქეებზე. ბიძინა ივანიშვილი არ არის ჩვენი რკინის გუმბათი, რომ ომი აგვაცილოს. მოქალაქეების უდიდესი ნაწილი აზროვნებს საღად. ეს დაგვანახა მიმდინარე აქციებმა, რაც იყო გაზაფხულზე და ამ სათქმელს აუცილებლად იტყვიან მოქალაქეები არჩევნებზე. უკვე ყველანაირი კრიტიკული ზღვარი გადალახულია და ეს ხელისუფლება აუცილებლად შესაცვლელია, მშვიდობიანი გადაბარების გზით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები