„საბანკო სისტემაში ამაზე უხეში ტრანზაქცია ვერ წარმომიდგენია,“ - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა „იმედზე“ ე.წ. „თიბისი ბანკის“/“ხაზარაძის საქმის“ საქმის კომენტირებისას განაცხადა.
ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ღირსეული ნაბიჯები გადადგა.
„რაც შეეხება “თიბისი ბანკის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. პრინციპში პროცესი დასრულებულია და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ღირსეული ნაბიჯები გადადგა, მან ეს ყველაფერი დაამტკიცა პარლამენტშიც და საჯაროდაც, ლონდონშიც შესაბამისი რეაგირება იყო და ეს ორი პიროვნება (გულისხმობს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს) გამოყვანილები არიან სამეთვალყურეო საბჭოდან. ბანკმა ჯარიმაც გადაიხადა და აქ კითხვები აღარ არის, თუმცა არ ცხრებიან ოპონენტები და მეც ორი სიტყვით მივანიშნებდი, რომ ძირითადად 10-11 წლიანი ტრანზაქცია აქვთ საფუძვლად და არა ის, თუ რატომ მოხდა ეს ტრანზაქცია, რომელიც ძალიან უხეშია საბანკო სისტემაში - ამაზე უხეში ტრანზაქცია ვერ წარმომიდგენია,“ - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე განმარტებით, რაც შეეხება ტრანზაქციის 10-11 წლიან ხანდაზმულობას, ეს კანონიერების ფარგლებშია და კანონი ამას ითვალისწინებს.
„2012 წელს 1 ოქტომბერს ჩვენ მოვედით და უკანა რიცხვში ვთქვათ დასვენების დღეს 29-ში ამ კრედიტის ჩამოწერა მოახერხეს. ხანგრძლივობასაც თუ შევხედავთ 11 წელი არც არის, მაგრამ რომც იყოს, მოიშველიონ კანონი და თქვან. დღეს, რომ მომხდარიყო კარგი იქნებოდა? დღეს რას იტყოდნენ? ამას გასცენ პასუხი, ტრანზაქციაზე აგონ პასუხი, როგორი უხეშია. ასეთი უხეში ტრანზაქცია, თან ასეთი გასაგები... ამას არ უნდა პროფესიონალური ფინანსისტობა ან ბანკირობა, რომ ეს გაიგო,“ - განაცხადა ივანიშვილმა.

























